ახალი ამბებისამართალი

სააპელაციომ კეზერაშვილის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა — სხდომა 27 თებერვალს გაგრძელდება

16 თებერვალი, 2023 • 3117
სააპელაციომ კეზერაშვილის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა — სხდომა 27 თებერვალს გაგრძელდება

დღეს, 16 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტვ „ფორმულას“ ძირითადი მესაკუთრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატების შუამდგომლობები. ადვოკატები ითხოვდნენ, რომ სასამართლოს განეხილა მათი წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებდა კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებული დავის პოლიტიკურ მოტივებს.

საქმე ეხება სამოქალაქო დავას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან ზიანის — 5.06 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს.

მტკიცებულებებს შორის იყო სხვადასხვა თანამდებობის პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები კეზერაშვილის წინააღმდეგ. ასევე, კვლევის შედეგები, რომელიც, ადვოკატების თქმით, მიუთითებდა მედიასაშუალებებში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დროის კონკრეტულ მონაკვეთში საინფორმაციო ომის წარმოებას. კერძოდ, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მედიაში კეზერაშვილის წინააღმდეგ, მხოლოდ 10-დღიან მონაკვეთში, 200-ზე მეტი სტატია და ვიდეოსიუჟეტი მომზადდა.

„ეს დავა, რომელიც ინიციირებულია აღამსრულებელი ხელისუფლების მხრიდან სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არის მიმართული სწორედ იმ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, რომ დაისაჯოს თავით კეზერაშვილი ქონების ჩამორთმევით, რა ქონებასაც წარმოადგენს კრიტიკული მედია“, — თქვა სასამართლო პროცესზე დავით კეზერაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ მტკიცებულებების გამოკვლევა. თავის დროზე, აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარი პირველი ინსტანციის სასამართლომაც განაცხადა.

მშვენიერაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნულ სამოქალაქო დავას, სადაც თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან 5 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს, საფუძვლად უდევს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე, რომლითაც ძალაში დარჩა წინა ინსტანციის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კი, მშვენიერაძის თქმით, მოსამართლე შალვა თადუმაძე იყო, რომელიც წლების წინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად მუშაობდა.

როგორც კეზერაშვილის ადვოკატები ამბობენ, თავდაცვის სამინისტროდან კეზერაშვილისთვის 5 მილიონი ევროს დაკისრების მოთხოვნას ერთადერთი მიზანი აქვს — მისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ ჩამორთმევა.

სააპელაციო სასამართლოში საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს მოსამართლე ოთარ სიჭინავას ხელმძღვანელობით.


დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას „ქართული ოცნების“ მმართველობისას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვისთვის.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

კეზერაშვილი და ნინუა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. თუმცა, საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა დამნაშავედ ცნეს. დავით კეზერაშვილის 5 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში ფლობს ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის 51%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი