ახალი ამბები

ხვალ სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაიმართება

15 თებერვალი, 2023 • 1201
ხვალ სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაიმართება

ხვალ, 16 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაიმართება.

საქმე ეხება სამოქალაქო დავას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან ზიანის — 5.06 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს.

2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას „ქართული ოცნების“ მმართველობისას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვისთვის.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

კეზერაშვილი და ნინუა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. თუმცა ისინი, საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა დამნაშავედ ცნეს. დავით კეზერაშვილის 5 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში ფლობს ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის 51%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი