ახალი ამბები

„არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“ — კალაძე

15 თებერვალი, 2023 • 4436
„არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“ — კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სტატუსს არ მიანიჭებს საქართველოს, შეუძლიათ, “თავისთვის დაიტოვონ”. აღნიშნული განცხადება მან დღეს, 15 თებერვალს ჟურნალისტებთან გააკეთა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ.

“ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში “შემოიტანეს”, რათა მომხდარიყო გადატრიალება და ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის, რადგან “ომში არ ერთვება” და “აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება”.

მანამდე ტელეკომპანია “მთავარ არხთან” ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო სიგნალს უგზავნის საქართველოს მთავრობას, რომ თუ ისინი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ იზრუნებენ, ეს იქნება მიჩნეული, როგორც “მთავრობის უუნარობა, შეასრულოს ევროინტეგრაციისთვის საჭირო ვალდებულებები”.

“რეზოლუციის მეხუთე პუნქტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ სააკაშვილის გარშემო შექმნილი მდგომარეობა კვლავაც დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას და ხელს შეუშლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, ევროპარლამენტი აღიარებს, რომ საქართველო მიტაცებულია ერთი ოლიგარქის მიერ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროპარლამენტის რეკომენდაციებს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევებს. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ნათელია და მსგავსი მოთხოვნა წინა რეზოლუციაშიც დავაყენეთ.

სანქციები წესდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე, ასევე შეიძლება იყოს სანქციები აშშ-სგან. არ გამიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს გავიგებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა და ეს იქნება დახმარება ქართველი ხალხისთვის”, – თქვა კუბილიუსმა [“მთავარი არხის” თარგმანი].

მასალების გადაბეჭდვის წესი