ახალი ამბები

„გელათში მომუშავე სპეციალისტები უნდა ჩანაცვლდეს მაღალი კომპეტენციის ჯგუფით“ — საპატრიარქო

14 თებერვალი, 2023 • 1584
„გელათში მომუშავე სპეციალისტები უნდა ჩანაცვლდეს მაღალი კომპეტენციის ჯგუფით“ — საპატრიარქო

გელათში მომუშავე უცხოელი სპეციალისტები უნდა ჩანაცვლდეს მაღალი კომპეტენციის პროფესიონალთა ჯგუფით

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს თქმით, გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო.

საპატრიარქოს განცხადებით, ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა განხორციელდა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაძრის სტრუქტურაში სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ 2021 წლამდე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კერძოდ, ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია. მათი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას:

„სწორედ ამ ეტაპმა გამოიწვია დღევანდელ პოზიციათა სხვაობა და უკავშირდება 2021 წლის ზაფხულში გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის ჩამოყვანას. ¹მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.

სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთისა და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში;

ასევე, ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველოს“ კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და აგრეთვე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი. ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს“ ,- ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ არ შედიან კონსერვაცია-რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, რადგანაც ეს მათ კომპეტენციას სცილდება. თუმცა აღნიშნავენ, რომ მათ ხელთ არსებული საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა ეჭვქვეშ აყენებს მოქმედ კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფის შესაბამის კომპეტენტურობას:

„საჭიროა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქოში ხაზს უსვამენ, რომ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევა საქართველოში მოხდა კულტურის სამინისტროს მიერ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ილია II-ის გაგზავნილი წერილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის, ლაზარე ელუნდუ ასსომოსა და იკომოსის პრეზიდენტის, ტერეზა პატრიციის მიმართ.

საპატრიარქოს თქმით, წერილში პატრიარქმა ითხოვდა, რომ საკითხი საფუძვლიანად შესწავლილიყო.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან, ასევე, ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მათთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს პოზიცია და დღეს მომუშავე ჯგუფის, ზოგადად კი, მთელი ამ მისიის ადვოკატირება:

„მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ ამ დრომდე მომუშავე უცხოელი სპეციალისტები უნდა ჩანაცვლდეს მაღალი კომპეტენციის პროფესიონალთა ჯგუფით“, – აცხადებენ საპატრიარქოში.


აღნიშნული განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და განცხადების წაშლის მიზეზი ჰკითხა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ტექსტს საბოლოო კორექტირება უნდა გაევლო, რის შემდეგაც განცხადება ხელახლა აიტვირთებოდა.  ტესტი ხელახლა გვინ ღამით გამოქვეყნდა. ხელმეორედ ატვირთული განცხადების შინაარსი პირველადისგან არ განსხვავდება.

¹ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ 2021 წლიდან მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მიერ შესრული სამუშაოების შემდეგ გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგოამრეობამდე მივიდა („მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა“.) განახლებულ ვერსიაში კი ნათქვამია — „მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი