ახალი ამბები

„სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იურიდიული ბერკეტი არ გვაქვს“ — მიტროპოლიტი სააკაშვილზე

14 თებერვალი, 2023 • 790
„სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იურიდიული ბერკეტი არ გვაქვს“ — მიტროპოლიტი სააკაშვილზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ საპატრიარქოს არავითარი იურიდიული ბერკეტი არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიხეილ სააკაშვილი დღესაც აზიარა და აღნიშნა, რომ ესაა ეკლესიის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ:

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან, ვაზიარებ. დღესაც ვიყავი და ვაზიარე. ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. არ გვაქვს არავითარი უფლებამოსილება. სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გვაქვს. პატრიარქმა მეტი რაღა მიმართოს, მე მაგზავნის“, — ამბობს მიტროპოლიტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ენმ კი ამბობს, რომ იწყებს პერმანენტულ აქციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი