ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ „ვერ მოესწრება ვერავინ“ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს გადადგომას.
დღეს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომა 5-საათიანი დაგვიანებით დაიწყო და მალევე, დაახლოებით 40 წუთში დასრულდა. სხდომამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ილია II გადადგომას აპირებდა.
„თქვენ მე მაიძულებთ, რომ რაღაც ცუდი ვთქვა და ახლა ვიტყვი – ვერ მოესწრება ვერავინ ამას. ვერასდროს“, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
დამატებით შეკითხვაზე, თუ რატომ დაიწყო სხდომა ასე გვიან, მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქი სუსტად იყო.
„მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგი იყო“.
ის დასძენს, რომ პატრიარქის გადადგომის საკითხი „არასდროს დადგება დღის წესრიგში და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ მსგავსი რამ ეთქვა“.
რაც შეეხება განხილულ საკითხებს, მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ისაუბრეს ძირითადად ყოფით საკითხებზე და ასევე, იმსჯელეს თურქეთსა და სირიაში გასაგზავნ სამძიმარის წერილებზე.