ახალი ამბები

ევროკავშირი და საქართველო

1 ივნისი, 2010 • 1378
ევროკავშირი და საქართველო

 ნიშნავს თუ არა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის გაუქმება სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში ევროკავშირის ინტერესის შემცირებას ამ ქვეყნების, კონკრეტულად კი, საქართველოს მიმართ, მაშინ, როცა ევროკომიისის წარმომადგენლობის ნაცვლად საქართველოში უკვე ევროკავშირის წარმომადგენლობაა?

 ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის შესაძლო გაუქმება სიმართლეს არ შეესაბამება,  რადიო ”თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ მასალას მოყვა.   ”თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი აპირებს, გააუქმოს წარმომადგენლების პოსტები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში.

 თუმცა, სამხრეთ კავკასიაში  სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების გარდა  საქართველოში ევროკავშირს კიდევ ერთი წარმომადგენელი ყავს კონფლიქტების საკითხებში   –  პიერ მორელი, რომელიც,  ასევე,  ევროკავშირის წარმომადგენელია შუა აზიაში.

 საქართველოში ასევე მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.  ევროკავშირი ცდილობს, არა მხოლოდ დატოვოს საქართველოში სადამკვირვებლო მისია, არამედ რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ მისიის არეალი გავრცელდეს კონფლიქტურ რეგიონებშიც – ეს კახა გოგოლაშვილს ერთ-ერთ  არგუმენტად მოჰყავს, რათა დაასკვნას, რომ: ”ევროკავშირის ინტერესის შესუსტება რეგიონში, არ შეიძლება იყოს რეალური ფაქტი”. 

 მთავარი არგუმენტი კი ლისაბონის ხელშეკრულებაა, რომელიც გასული წლის დეკემბერში შევიდა ძალაში. სწორედ ამ დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა ახლა უკვე ევროკავშირის წარმომადგენლობაა.

 კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ამბობს, რომ სინამდვილეში ევროკავშირის როლი გაიზარდა:

 ”განსხვავება რომ დავინახოთ, აქამდე რას წარმოადგენდა  ეს წარმომადგენლობა – იყო ევროკომისიის დელეგაცია. ევროკომისია არის ერთ–ერთი ინსტიტუტი ევროკავშირში, რომელიც ცალკეულ ქვეყნებს არ წარმოადგენს.   არის აღმასრულებელი ორგანო მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის სხვადასხვა  პროექტების და პროგრამების განსახორციელებლად, მაგრამ ძლიერი პოლიტიკური ნება ამ ორგანოს უკან არ დგას. ამიტომ საგარეო პოლიტიკურ პროცესებში ევროკომისია, როგორც წესი, სუსტად იყო წარმოდგენილი, იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკა მაინც ქვეყნების პრეროგატივა იყო და მათი ერთად თავმოყრა ევროკავშირის საბჭოში და არა ევროკომისიაში ხდებოდა”.

 გოგოლაშვილი განმარტავს, რომ,  რადგან ევროკომისიის წარმომადგენლობა უკვე გახდა ევროკავშირის წარმომადგენლობა,  შესაბამისად, ელჩი უკვე აღარ არის ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი, იგი უკვე  ევროკავშირის ელჩია საქართველოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკვე აქვს ევროკავშირის მანდატი, ჩაერიოს, როგორც კონფლიქტების მოგვარების, ასევე სხვა პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობაში.

 ასეთივე მანდატი აქვს პიტერ სემნების, რომელიც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში 2006 წლიდან. სემნებმა ამ თანამდებობაზე 2003 წელს დანიშნული ფინელი დიპლომატი ჰეიკი ტალვიტი შეცვალა. სწორედ ამ დროს შეიქმნა ეს პოსტი. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამ პოსტის შემოღება საქართველოს ინიციატივა იყო, რომელმაც, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან ერთად, თხოვნით მიმართა ევროკავშირს, ასეთი წარმომადგენელი ყოლოდა.

 ეშტონს, რადიო ”თავისუფლების” ცნობით,  ახლა სწორედ ამ პოსტის გაუქმება სურს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური (European External Action Service, EEAS), რომელსაც კეტრინ ეშტონი ხელმძღვანელობს, ახლა ყალიბდება. ამ სამსახურის შემოღება,  ლისაბონის ხელშეკრულებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევროკავშირში.

 თუ ეშტონის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ, ”ეს ნაბიჯი, შესაძლოა, აღმოსავლეთის სამეზობლოში ევროკავშირის ჩართულობის დრამატულ შემცირებას მოასწავებდეს”- წერს რადიო ”თავისუფლება”.

 ასე არ ფიქრობს კახა გოგოლაშვილი: ”ეს ინსტიტუტი, თავისთავად, რეგიონში ევროკავშირის პოლიტიკის ერთ–ერთი გამტარებელი  იყო. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ დროს ერთიან ევროკავშირს საელჩო და  დიპლომატიური არხები ამ რეგიონში არ ჰქონდა. ახლა ევროკავშირს ექნება პირდაპირი დიპლომატიური არხი, ეს არის ევროკავშირის საელჩო”.

 გოგოლაშვილის აზრით, ეშტონი ცდილობს, ისეთი სტრუქტურა შექმნას, რომელიც დაბალ დონეებზე ინსტიტუციონალურ საცობებს არ შექმნის.  იგი ეთანხმება ევროკავშირის საკითხებში კიდევ ერთი  ქართველი ექსპერტის, ვასილ ჭყოიძის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ამ პოსტის გაუქმებით ბიუროკრატიის შემცირებას ცდილობს:

 ”რაც შეეხება ფუნქციონალურ საკითხს, სადავოა – შეიძლება ბევრმა თქვას, რომ სემნების დიდი გამოცდილება ჰქონდა და ამიტომ მისი გაწვევა არ იყო კარგი, შესაძლებელია ამას დავეთანხმო, მაგრამ მართვის თეორიის თვალსაზრისით, ორი წარმომადგენელი ქვეყანაში, რომელიც ერთი და იგივე მანდატით არის აღჭურვილი, ყოველთვის შეუშლის ერთმანეთს ხელს. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს აბსოლუტრურად იგივე მანდატი ექნება ამ მიმართულებითაც, რაც პიტერ სემნებს ჰქონდა და აქვს.  აქ მოხდება გარკვეული ფუნქციების დაჯახება ან გადაფარვა და ამიტომ, ამ თვალსაზირისით, სწორი  გადაწყვეტილებაა”.

 პიტერ სემნების საქართველოში (ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში) პოლიტიკური მრჩეველი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ყავს. გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ისინი ევროკავშირის  წარმომადგენლობას შეუერთდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი