ახალი ამბები

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

13 თებერვალი, 2023 • 1248
აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არამართლზომიერი დაპატიმრებების რისკების ზრდის გამო ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე არასწორი დაკავებების გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში.

რუსეთის უშიშროების სამსახურებმა აშშ-ის მოქალაქეები დააკავეს ყალბი ბრალდებებით”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს განცხადებით, რუსეთის უშიშროების სამსახურებმა აშშ-ის მოქალაქეები ყალბი ბრალდებით დააკავეს, უარი თქვეს მათ სამართლიან და გამჭვირვალე მოპყრობაზე, გაასამართლეს ფარულ სასამართლო პროცესებზე ან გაასამართლეს მტკიცებულებების გარეშე. ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ საეჭვო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო რელიგიურ საქმიანობაში ჩართულ აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ.

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ პერიოდულად მოუწოდებს. ბოლოს ასეთი მოწოდება საელჩომ სექტემბერში გააკეთა, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი