ახალი ამბები

„ირმაკი იმ ღამეს ბებიასთან დარჩა“ — მამამ გაიხსენა, როგორ ეძებდა შვილს ნანგრევებში

10 თებერვალი, 2023 • 26666
„ირმაკი იმ ღამეს ბებიასთან დარჩა“ — მამამ გაიხსენა, როგორ ეძებდა შვილს ნანგრევებში

კაცი, რომელსაც ხელით უჭირავს ნანგრევებში მოყოლილი გარდაცვლილი შვილის ხელი, 49 წლის მესუთ ჰანჩერია. უმძიმესი ადამიანური ტრაგედიის ამსახველი კადრი AFP-ის ფოტოგრაფმა ადემ ალტანმა აღბეჭდა.

ალტანი თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან ქაჰრანმანმარაშში 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრიდან რამდენიმე საათში ჩავიდა.

„მესუთ ჰანჩერი მარტო იჯდა ყინულივით ცივი ბეტონის ნამსხვრევებზე, რომელიც ერთ დროს მისი სახლი იყო, და სახეზე უდიდესი მწუხარება ჰქონდა აღბეჭდილი. მისი გოგო, ირმაკი, დაღუპული იყო. თუმცა ამას არ უშვებდა, ხელს უჭერდა თითებზე, რომელიც ნანგრევებს შორის მოყოლილი იმ მატრასიდან მოჩანდა, რომელზეც გოგოს მიწისძვრის დროს ეძინა“, — იხსენებს ფოტოგრაფი ადგილზე ნანახს.

40-წლიანი გამოცდილების ფოტოგრაფმა გაიხსენა, რომ ჰანჩერისგან 60 მეტრში იდგა, როცა კაცმა დაბალი, აკანკალებული ხმით დაუძახა: „გადაიღე ჩემი გოგოს ფოტო“.

ოჯახი შვილის საფლავზე. ფოტო: Hamdi Gokbulut/Bild Newspaper

ალტანის თქმით, ფოტოს გადაღების შემდეგ ტირილი ვერ შეიკავა.

„მამას სურდა, რომ მისი და მისი ქვეყნის გლოვა მსოფლიოს ენახა და ნახეს კიდეც“, — ამბობს ფოტოგრაფი, თუმცა არ მოელოდა, რომ აღნიშნული კადრი 6 თებერვლის კატასტროფის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გახდებოდა.

მესუთ ჰანჩერმა პირველი ინტერვიუ გერმანულ გაზეთ „ბილდს“ მისცა. „ბილდის“ ჟურნალისტი მას 15 წლის ირმაკის საფლავზე გაესაუბრა.

მესუთის შვილი ირმაკი. ფოტო: საოჯახო ალბომიდან

„380“ — ეს ახლა 15 წლის გოგოს საფლავის ნომერია ერთ დიდ, ახალ სასაფლაოზე, სადაც მიწისძვრის დროს დაღუპულებს კრძალავენ. მხოლოდ თურქეთში მათმა რიცხვმა 19 ათასს გადააჭარბა და ეს საბოლოო მონაცემები არ არის. ათასობით დაღუპულია სირიის ჩრდილოეთ რეგიონებშიც.

„საცხობში ვმუშაობდი, როცა მიწა შეირყა. ჩემს ცოლს დავურეკე. მან მითხრა, რომ ჩვენი ორი გოგო და ბიჭი უსაფრთხოდ არიან“, — უამბო ჰანჩერმა „ბილდს“.

კაცის თქმით, ცოლმა უთხრა, რომ მათი უმცროსი შვილი ირმაკი იმ ღამეს სახლში არ იყო — ბიძაშვილებმა მოაკითხეს და ბებიასთან წაიყვანეს, სადაც ღამის გასათევად დარჩნენ.

როგორც მესუთ ჰანჩერი იხსენებს, დედასთან დარეკვა დაიწყო, თუმცა, უშედეგოდ. ამის შემდეგ მისი სახლისკენ გაიქცა.

„ღმერთს ტირილით ვევედრებოდი, ჩვენი სახლი მთელი ყოფილიყო“, — ამბობს იგი და დასძენს, რომ პირველ საათებში ნანგრევებში შვილის პოვნას შიშველი ხელებით ცდილობდა: „თუმცა ბოლოს მაინც მომიწია მისი ნანგრევებში დატოვება“.

მთავარი ფოტო: ADEM ALTAN/AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი