ახალი ამბები

„უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“ — ევროპარლამენტში ზელენსკის მოუსმინეს

9 თებერვალი, 2023 • 788
„უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“ — ევროპარლამენტში ზელენსკის მოუსმინეს

„უკრაინა ევროპაა და უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა.

რობერტა მეცოლამ თავის სიტყვაში მხარი დაუჭირა ომში მყოფი ქვეყნისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას და უკრაინის „რაც შეიძლება სწრაფ გაწევრიანებას“ ევროკავშირში.

„მე გავიზარდე ბებია-ბაბუის ისტორიების მოსმენით ჩემი ქვეყნის ბოლო სამი მოიერიშე თვითმფრინავის შესახებ. როცა ყველაფერი დაკარგულად ჩანდა, როცა არც საბრძოლო მასალა ჰქონდათ, არც საჭმელი და არც იმედი, დარჩა მხოლოდ სამი ძლივს მოქმედი თვითმფრინავი, რომლებსაც მათ უწოდეს რწმენა, იმედი და ქველმოქმედება — სახელები, რისთვისაც იბრძოდნენ. თვითმფრინავები ნიშნავდა თავისუფლების კიდევ ერთ დღეს, საკმარისს იმისთვის, რომ დახმარება ჩამოსულიყო. მშვიდობას გულისხმობდნენ“, — თქვა მეცოლამ.

მისი თქმით, უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპის ღირებულებებისთვის და ევროკავშირმა ამ მსხვერპლს პატივი საქმით უნდა მიაგოს:

„უკრაინა ევროპაა და თქვენი ერის მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ვიცით, რა მსხვერპლი გაიღო თქვენმა ხალხმა ევროპისთვის და ამას პატივი უნდა მივაგოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით: პოლიტიკური ნებით, რათა უზრუნველვყოთ გამარტივებული ვაჭრობა და რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანების პროცესი; ფინანსური დახმარებით და რეკონსტრუქციით; სამხედრო აღჭურვილობითა და თავდაცვის სისტემებით; ახლა კი, სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ შორ მანძილზე მოქმედი სისტემებისა და თვითმფრინავების გადაცემა, რაც თქვენ გჭირდებათ თავისუფლების დასაცავად…

ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა ხელმძღვანელობამ შთააგონა თქვენი ხალხი და შთააგონა მსოფლიოს ყველა კუთხე. როდესაც მსოფლიო უკრაინაზე ფიქრობს, ისინი ფიქრობენ დავითზე, რომელიც ამარცხებს გოლიათს; ისინი ფიქრობენ კუნძულ ზმეინის გმირებზე; მარიუპოლის მეომრებზე, ოკუპირებული ქალაქებისა და სოფლების განმათავისუფლებლებზე. მათი სახელები თაობებს დარჩება“, — მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპის პარლამენტში ოვაციებით შეხვდნენ. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს აპლოდისმენტები უკრაინელ გმირებს ეკუთვნით.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინა არის ევროპული სახელმწიფო და ის უახლოვდება ევროკავშირში გაწევრიანებას.

„უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის გზა სახლისკენ. მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის გზა სახლისკენ”, — თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პირველად თავის ისტორიაში, ევროკავშირი უწევს ამ მასშტაბის სამხედრო დახმარებას ქვეყანას და ფიქრობს, რომ ასევე ამზადებს დადებით შეფასებას შიდა რეფორმების შესახებ უკრაინაში.

„ევროპა, როგორც იქნა, თავისუფლდება რუსული საწვავზე დესტრუქციული დამოკიდებულებისგან, იწმინდება რუსული ოლიგარქიული ბიზნესის კორუმპირებული გავლენისგან, თავს იცავს რუსული საიდუმლო სამსახურების აგენტების შეღწევისგან, რომლებიც ევროპას რუსეთის დიქტატურის მოწინააღმდეგეებზე ნადირობის ადგილად განიხილავდნენ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ლიდერების სამიტში. ბრიუსელში იგი პარიზიდან ჩავიდა, სადაც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებთან გამართა მოლაპარაკებები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ზელენსკი დააჯილდოვა საფრანგეთის ღირსების უმაღლესი ორდენით, ღირსების ლეგიონის ჯვრით.

გუშინ, 8 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ოფიციალური ვიზიტი გამართა გაერთიანებულ სამეფოში. პრეზიდენტ ზელენსკის ევროპული ტურნეს მთავარი გზავნილი უკრაინის დახმარების კონსოლიდაციაა. დასავლეთისგან ის შორს მოქმედ შეიარაღებასა და მოერიშე თვითმფრინავების გადაცემას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი