ახალი ამბები

დონეცკში უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ქვრივებს მოსკოვიდან ქურქები გაუგზავნეს

8 თებერვალი, 2023 • 1153
დონეცკში უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ქვრივებს მოსკოვიდან ქურქები გაუგზავნეს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაღუპული სამხედროების ქვრივებს მოსკოვიდან ქურქები გაუგზავნეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს 21 ქურქი გადასცეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „საჩუქრების“ გადაცემის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის სამინისტროსთან“ ასოცირებული პირი ავრცელებს, რომელიც ასევე იბრძოდა დონბასის რეგიონში. ვიდეოში ქალები ბეწვის ქურქებით ხელში ქუჩაში დგანან და სხვა ქვრივების სახელით მადლობას იხდიან მზრუნველობისთვის.

„რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, რომ ქურქები ქალებს რუსმა აქტივისტებმა გადასცეს, რომლებიც აცხადებენ, რომ „დაღუპულთა ოჯახები 9 წლის განმავლობაში არ დავიწყებიათ“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში დაღუპული სამხედროების ოჯახებს მანამდე სასაჩუქრე ნაკრებებიც გადასცეს, რომელიც შედგებოდა შავ, ნარჩენების შესაგროვებელ პარკში მოთავსებული პირადი ჰიგიენის ნივთებისგან, კონსერვებისა და სარეცხი საშუალებებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი