ახალი ამბები

მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი უკან გაიხმო

7 თებერვალი, 2023 • 1506
მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი უკან გაიხმო

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინარმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გამოიხმო. შესაბამისი აქტი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში განმარტებული არაა, თუ რა მოტივით მიიღო საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მთავრობისგან განმარტების მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

საუბარია საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის ელჩების დანიშვნაზე უარს ეხება.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრეზიდენტს შესთავაზა: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გაეროში დავით ბაქრაძე დაენიშნა, ასევე, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე – კახა იმნაძე.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხსენებული წარდგინებების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა. საქართველოს მთავრობის პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტი წარდგინებების უარყოფითა და უმოქმედობით, რაც გამოიხატა წარდგენილი კანდიდატების არდანიშვნაში, პირდაპირ შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა“, – ეწერა სარჩელში.

მთავრობა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ელჩი სახელმწიფოს წარმოადგენს და „მნიშვნელოვანია, მისი დანიშვნა იმ ორგანოს მიერ ხორციელდებოდეს, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს ატარებს“, – აღნიშნული იყო სარჩელში.

მთავრობას თავისი პოზიციის საილუსტრაციოდ მოჰყავდა 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განმახორციელებელი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც პრეზიდენტს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნის და გათავისუფლების უფლებამოსილება სიმბოლურად მიანიჭა.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშიც კი არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, რომ ხსენებული უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლური და სამართლებრივი ბუნებისა იყო. ამასთან, სწორედ ამგვარ განმარტებაზეა მითითება კონსტიტუციური კანონის განმარტებით ბარათშიც, რითაც ცალსახად დასტურდება კანონმდებლის ნება.

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. კერძოდ, თუ საქართველოს პარლამენტი უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის საქმიანობას საგარეო პოლიტიკის სფეროში, მას შეუძლია, საქართველოს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, თავისი შეხედულებით დანიშნოს ელჩი ან დიპლომატი, რაც გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელი ინსტიტუტს და მას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილება არ აქვს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და სრულად მოკლებულია აღმასრულებელ ძალაუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ელჩი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, მისი დანიშვნა და გათავისუფლება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, უპირობოდ აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციად უნდა იქნეს მიჩნეული,“ – აღნიშნული იყო სარჩელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი