ახალი ამბები

თურქეთში მიწისძვრამ II-IV საუკუნის ისტორიული ციხესიმაგრე დააზიანა

6 თებერვალი, 2023 •
თურქეთში მიწისძვრამ II-IV საუკუნის ისტორიული ციხესიმაგრე დააზიანა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვირის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა გაზიანთეფის ისტორიულ ციხესიმაგრეს, რომელიც II-IV საუკუნეებშია აშენებული.

CNNTurk-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ განსაკუთრებული ზიანი მიადგა ციხესიმაგრის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს. სტიქიის შედეგად ნაწილობრივ ჩამოიშალა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მე-17 საუკუნეში აშენებული ისტორიული შირვანის მეჩეთის აღმოსავლეთი კედელი და გუმბათი.

გაზიანთეფის ციხესიმაგრე რომაულ პერიოდს მიეკუთვნება და, სავარაუდოდ, II-IV საუკუნეში აშენდა. ამჟამინდელი სახე ციხესიმაგრემ VI საუკუნეში (527-565), ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში მიიღო, რომელსაც ისტორიულ წყაროებში სასახლის „არქიტექტორად მოიხსენიებდნენ“.


თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 600 ადამიანი, დაშავებულია ასობით, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.

ბოლო მონაცემებით, სირიაში დადასტურდა 320 ადამიანის გარდაცვალება, ხოლო თურქეთში დაღუპულია სულ მცირე 284 ადამიანი. Reuters ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯამში, დაშავებულია 3 000-მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი