ავიაკომპანიებმა, რომლებიც სტამბოლის აეროპორტებში ოპერირებენ, უამინდობის გამო მრავალი ფრენა გააუქმეს. საქმე ეხება 5, 6 და 7 თებერვალს დაგეგმილ რეისებს.
“თურქიშ ეარლაინზი” აცხადებს, რომ 6 თებერვალს დაგეგმილი 170 რეისი გააუქმა. სია მოიცავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს.
ავიაკომპანიის თანახმად, ხსენებული 170-დან 152 რეისი სტამბოლის მთავარი საერთაშორისო აეროპორტიდან და მისი მიმართულებით უნდა შესრულებულიყო, 18 ფრენა კი — სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის აეროპორტიდან და მისი მიმართულებით.
“თურქიშ ეარლაინზმა” უამინდობის გამო რეისები 5 თებერვალსაც გააუქმა.
გაუქმებული რეისების შესახებ ავიაკომპანია “პეგასუსიც” იუწყება. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გიოქჩენის აეროპორტში 5 თებერვალს დაგეგმილი 4 ფრენა გააუქმეს. ასევე გაუქმდა 6 თებერვალს დაგეგმილი 180-მდე რეისი და 7 თებერვლისთვის ჩანიშნული 40-მდე რეისი.
“მეტეოროლოგიური პირობებიდან და MADKOM-ის[თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახური] გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გაუქმებული ფრენების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, ფრენის წინ გადაამოწმოთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული განცხადებები”, — აღნიშნავს “პეგასუსი”.
თუ გსურთ, “თურქიშ ეარლაინზის” ვებგვერდზე თქვენი ფრენის სტატუსი შეამოწმოთ, გადადით ამ ბმულზე და შეიყვანეთ რეისის ნომერი ან მარშრუტი. “პეგასუსის” გაუქმებული ფრენების სია იხილეთ აქ.
გარეკანის ფოტო: სტამბოლის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი. 24.01.23 ფოტო: DHA