ახალი ამბები

ბრეგაძის დაკითხვაზე სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

3 თებერვალი, 2023 • 623
ბრეგაძის დაკითხვაზე სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების შესახებ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე დღეს, 3 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის მხარემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანგარიშს არ უწევს და პატივს არ სცემს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას და აკეთებს იმგვარ განცხადებებს, რომელიც ერევა სასამართლოს საქმიანობაში. ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე აღნიშნავდა, რომ საჯარო განცხადებებში რატი ბრეგაძე პირდაპირ ადანაშაულებდა ცენტრ „ემპათიასა“ და სააკაშვილის დაცვის მხარეს და ამბობდა, რომ აღნიშნული პირები ხელს უწყობენ პაციენტს, მიზანმიმართულად მიიყენოს თვითდაზიანება.

სააკაშვილის ადვოკატები მსჯელობდნენ, რომ ამ გზით ბრეგაძე სააკაშვილს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდა. იმ შემთხვევაში კი, თუ მართლაც ჰქონდა რაიმე მტკიცებულება, რომ ვინმე ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილს, მიეყენებინა თვითდაზიანებები, რაც მის გარდაცვალებას გამოიწვევდა, შესაძლოა სახეზე იყოს სისხლის სამართლის 115-ე მუხლის შემადგენლობა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამრიგად, დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ რატი ბრეგაძე სასამართლოზე უნდა გამოცხადებულიყო და ესაუბრა, თუ რას ეყრდნობოდა მისი ამგვარი განცხადებები.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა სასამართლოს დროს წაართმევს ამასთან, გიორგი არევაძემ მიიჩნია, რომ ყველა ის გარემოება, რაც დაცვის მხარემ დაასახელა, მათთვის ცნობილი იყო სასამართლო განხილვის დაწყების საწყის ეტაპზევე და მოწმეების სიაში ბრეგაძის შეყვანა ადვოკატებს პირველსავე ეტაპზე შეეძლოთ.

ამასთან, გიორგი არევაძემ განაცხადა, რომ რატი ბრეგაძე პოლიტიკური თანამდებობის პირია და მედიასთან გაკეთებული კომენტარების გამო სასამართლოში მისი გამოკითხვა ვერ მოხდებოდა და აღნიშნა, რომ ის არ არის დარგის სპეციალისტი, რომელიც მხარეებისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე შეძლებს ინფორმაციის მიწოდებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი