ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატობას

3 თებერვალი, 2023 • 567
ღარიბაშვილი: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკომისიის 2 თებერვლის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც „უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“.

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანინონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ.

დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, — აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.


ევროკომისიამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშები ავსებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომელიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, უკრაინასა და მოლდოვას კი- კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ანგარიშებში კომისიამ შეაფასა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA), მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.

სამივე განმცხადებელი შეფასდა ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე.

საქართველოში ევროკავშირის საელჩოს განცხადებით, დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებაში, შეასრულონ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ევროკომისიის ანაგრიშის შესახებ უფრო დეტალურ მასალას ნეტგაზეთი მალე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.