ახალი ამბები

გამოცემა „ლაივპრესი“ ფუნქციონირებას წყვეტს

1 თებერვალი, 2023 • 620
გამოცემა „ლაივპრესი“ ფუნქციონირებას წყვეტს

რეგიონალური გამოცემა „ლაივპრესი“ ფუნქციონირებას წყვეტს. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამია, 12-წლიანი მუშაობის შეწყვეტის მიზეზი ფინანსური გამოწვევებია.

გამოცემა მადლობას უხდის დონორებს, მკითხველებს და თავის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს.

„ტელევიზიების ალტერნატიულმა პლატფორმამ 12 წლის მანძილზე მაღალი მედიასტანდარტი შექმნა და არასდროს გადაუხვევია ღირებულებებისგან, არცერთ ხელისუფლებას არ გარიგებია და ყოველთვის მოქალაქის თვალით იაზრებდა პრობლემების სიმწვავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, მათი ვებ-გვერდი მალე გაითიშება, ახალი მასალები კი აღარ დაიდება.

2021 წლის ანგარიშში საქართველოს ჟურნალისტიკის ქარტია წერდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას გამოცემის მიერ „მოვლენები შუქდებოდა მიუკერძოებლად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, ხოლო „სტატიებში არ გვხვდებოდა დადებითი ან უარყოფითი შეფასებები ჟურნალისტთა მხრიდან“.


„ლაივპრესი“ 2011 წელს დაარსდა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის, ისევე როგორც სხვა ახალ ამბებს, აშუქებდა სამ – ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი