ახალი ამბები

„საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღს ჰგავს“ – ბროუდერი სააკაშვილზე

1 თებერვალი, 2023 • 536
„საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღს ჰგავს“ – ბროუდერი სააკაშვილზე

„მაგნიტსკის კანონის“ ინიციატორის, ბილ ბროუდერის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღს“ ჰგავს.

ბროუდერმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა სასამართლოზე დისტანციურად ჩართული სააკაშვილის ფოტოები და ხაზი გაუსვა, რომ იგი „პატიმრობაში კვდება“.

„მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფოტოები სასამართლოდან. იგი საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღს ჰგავს. დაკარგა წონის 40% და პატიმრობაში კვდება. იხვეწება, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისთვის გაათავისუფლონ. დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ ევროპაში“, – წერს იგი.


ბროუდერის მიერ ინიციირებული „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონის შექმნას ცდილობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები. სიის შექმნის თხოვნით „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთ ავტორს თავად სააკაშვილმა მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგზე მუშაობა გრძელდება.

ხაჭაპურიძის თქმით, სიაზე მუშაობა საქართველოში არ მიმდინარეობს და მის შედგენაზე სააკაშვილის უცხოელი ადვოკატები აშშ-სა და ლონდონში მუშაობენ, თავად კი უცხოელ კოლეგებს იმ ადამიანებზე უგზავნის მტკიცებულებებს, რომლებიც სიაში შეჰყავთ.

მაგნიტსკის კანონი

37 წლის სერგეი მაგნიტსკი 2011 წელს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ციხეში ისე, რომ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. გავრცელებული ვარაუდით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობით დაიღუპა – მას პანკრეასის დაავადება ჰქონდა და აუცილებელ მედიკამენტზე უარი უთხრეს. დაღუპულის დედა შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილის გვამს ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ხელებზე კი „შავი და ლურჯი“ ჰემატომები აღენიშნებოდა.

სწორედ ამის შემდეგ შეადგინეს 60- კაციანი სია [მაგნისტსკის სია], რომელიც შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს. ბროუდერი აცხადებდა, რომ მაგნიტსკი ამ პირებმა აწამეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გამოააშკარავა მათი მილიონობით ევროს ოდენობის საგადასახადო მაქინაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი