ახალი ამბებისამართალი

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 8 თვე ეძებდნენ, მოკლული აღმოჩნდა

1 თებერვალი, 2023 • 2683
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 8 თვე ეძებდნენ, მოკლული აღმოჩნდა

საფრანგეთში, ქალაქ ნანტთან ახლოს, საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმეზე პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი, რომელთაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანის მკვლელობას ედავებიან.

საუბარია 30 წლამდე კაცზე, რომლის ნათესავმაც პოლიციას 2022 წლის აპრილის ბოლოს, მას შემდეგ მიმართა, რაც კაცი თითქმის ერთი თვის მანძილზე არ გამოჩნდა. ორი დღის შემდეგ გაუჩინარებული კაცის მანქანა ქალაქ ნანტთან დამწვარი იპოვეს, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.

როგორც გამოცემა “ფიგარო” და სხვა მედიასაშუალებები წერენ, 24 იანვარს პოლიციამ  ექვსი ეჭვმიტანილი დააკავა. აქედან 3 საფრანგეთის მოქალაქეა, 1 — გერმანიის, 1 — რუსეთის და კიდევ ერთი — საქართველოსი. მათი ასაკი 19-დან 22 წლამდე მერყეობს.

დაკავებულთაგან სამს ორგანიზებული ჯგუფის მიერ მკვლელობას ედავებიან, კიდევ სამს — მოკლულის ავტომანქანის დაწვას.

მანქანის დაწვაში ბრალდებულმა სამმა პირმა დანაშაული აღიარა, მკვლელობაში ეჭვმიტანილები კი, პროკურორის ცნობით, აღიარებენ ადგილზე ყოფნას მკვლელობის მომენტში, თუმცა ამბობენ, რომ სხვის მიერ ჩადენილ ქმედებას ადევნებდნენ თვალს.

“ერთ-ერთმა მათგანმა [მკვლელობაში ბრალდებულთაგან] პოლიცია შემთხვევის ადგილზეც მიიყვანა, სადაც 25 იანვარს მსხვერპლის ცხედარი აღმოაჩინეს”, — წერს “ფიგარო”.

პროკურორის თქმით, აუტოფსიის პირველადი შედეგებით, მსხვერპლს აღენიშნება ჭრილობები, რომლებიც დანით უნდა იყოს მიყენებული. დანაშაულის გარემოებები ჯერ არ არის დადგენილი.

მედიის ინფორმაციით, 30 წლამდე კაცი თავშესაფრის მაძიებელი იყო, რომელიც საფრანგეთში ორი წლის წინ, ცოლთან და შვილებთან ერთად ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი