ახალი ამბებიკომენტარი

სად ხართ, ქართველებო, სადაა თქვენი სიმამაცე? – უკრაინელი დეპუტატი

1 თებერვალი, 2023 • 1680
სად ხართ, ქართველებო, სადაა თქვენი სიმამაცე? – უკრაინელი დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი მმართველი პარტია „ხალხის მსახურიდან“ ლიზა ბოგუცკაია ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს, რომელიც 1 თებერვლის სასამართლო სხდომიდან გავრცელდა.

მისი თქმით, სააკაშვილის უახლესი ფოტოს ნახვის შემდეგ განცდილი „სულიერი ტკივილის აღწერა არ შეუძლია“.

„ეს პირდაპირ ეთერში აბუჩად აგდება და წამებაა. ზიზღს იწვევს ის, რომ პუტინი და ივანიშვილი სიამოვნებას იღებენ იმის ყურებით, თუ რაოდენ თამამად შეუძლიათ გაუსწორდნენ მოწინააღმდეგეს. ასეთივე ზიზღს იწვევს [უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო] პოროშენკო, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მიშას უკრაინაში გადახდა.

თუმცა უკრაინა არაა საქართველო და, მით უმეტეს, რუსეთი. როგორ არ ცდილობდა პოროშენკო მიშას მოშორებას, მაგრამ ხალხი მიხეილის დასაცავად დგებოდა“, – წერს პოლიტიკოსი და დასძენს, რომ უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ პოროშენკოს მხრიდან ჩადენილი უკანონობის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში.

ბოგუცკაიას თქმით, „არ იცის, რა დაემართა ქართველებს, რა სჭირთ მათ“.

„სად ხართ, ქართველებო, სად არის თქვენი ღირსების გრძნობა, თქვენი სიმამაცე? გამოდით ქუჩებში! თქვენ ხომ ეს შეგიძლიათ! საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებთ, რომ თქვენ თვალწინ ნელა კლავდნენ ადამიანს, რომლის წყალობითაც თქვენი ქვეყნის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო! მიშა, არ დანებდე, იცოცხლე!“, – აცხადებს დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი