ახალი ამბები

ხაბეიშვილი: საავადმყოფო არაა ადგილი, სადაც პროტესტი უნდა გაიმართოს

31 იანვარი, 2023 • 823
ხაბეიშვილი: საავადმყოფო არაა ადგილი, სადაც პროტესტი უნდა გაიმართოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კლინიკა „ვივამედთან“ მივიდა. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა მას ისე არ ექცევიან, როგორც იმოქმედებდნენ მის მდგომარეობაში მყოფი სხვა პაციენტის შემთხვევაში.

„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს. მას ექცევიან როგორც ოპოზიციის ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მონაცემებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში, მაგრამ არ გადაჰყავთ იმიტომ, რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობიდან და სასამართლოსთვის არ უნდათ იმის თქმა, რომ აი, იმდენად მძიმეა, რეანიმაციაში გადაჰყავთ, თორემ ხომ ვხედავთ, პროცესებზე 100 მეტრში ვერ მოჰყავთ“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მისი თქმით, ესმის, რომ საავადმყოფო არაა ის ადგილი, სადაც პროტესტი უნდა გაიმართოს, რადგან „ვივამედში“ სხვა პაციენტებიც მკურნალობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შეექმნას, თუმცა ბიძინა ივანიშვილს შეახსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტულია:

„ისინი დანის პირზე დადიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. მე როგორც ექიმებისგან შევიტყვე, სააკაშვილის სიმაღლე დოკუმენტებში დაპატარავებული აქვთ, რომ მისი მონაცემები კრიტიკულ ზღვარს არ ჩამოსცდეს.

მე ვხვდები, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საავადმყოფო არაა ადგილი, სადაც პროტესტი უნდა გამართო, იმიტომ, რომ სხვა პაციენტებიც არიან და სხვა ადამიანების ჯანმრთელობის ხელყოფას ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ეს თემა ნაციონალური მოძრაობისთვის იქნება პრიორიტეტული და ვერანაირი სხვა პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება ქვეყანაში, სანამ ტყვეობაში ეყოლებათ, ნახევარი მილიონი ადამიანი რომ მხარს უჭერს, ისეთი პოლიტიკური ლიდერი“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვივამედის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავდათ, თუმცა კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ამას უარყოფს.

პარტიაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ლევან ხაბეიშვილი  აცხადებდა, რომ თუ საჭირო გახდება, მზადაა, მიხეილ სააკაშვილი „ფიზიკურად გამოიხსნან“.

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, სადაც ენმ-ის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„პირველი, რაც მოხდება, მიშას გათავისუფლების ოფისები გაიხსნება ყველა რაიონში. ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს. მე არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში სასეირნოდ ჩავიყვანო. მე არ ვაპირებ, რომ კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგვხვდება, და იქნება ასეთი წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ და კანონს ვერ დავარღვევთ. ხელისუფლება არის კანონგარეშე[…] და როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენგან იქნება ლეგიტიმური. მე არ ვაპირებ, ფიზიკურად უკან დავიხიო და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენ წინ, არ გადავლახო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“, ხაბეიშვილი პასუხობს:

„კი, თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ამაზე არ წავალთ. აქ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის ბედზე კი არის საუბარი, საუბარია სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ“, – აცხადებდა ლევან ხაბეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი