ახალი ამბები

ჩხაიძე განმარტავს, რატომ მოუწოდა ოჯახს სააკაშვილის დარწმუნებისკენ პარენტერალური კვების აუცილებლობაში

31 იანვარი, 2023 • 787
ჩხაიძე განმარტავს, რატომ მოუწოდა ოჯახს სააკაშვილის დარწმუნებისკენ პარენტერალური კვების აუცილებლობაში

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რატომ მოუწოდა გიული ალასანიას, რომ მიხეილ სააკაშვილი პარენტერალური კვების აუცილებლობაში დაერწმუნებინა.

ჩხაიძის განცხადებით, ამ მოწოდებამდე სააკაშვილს ესაუბრა კლინიკის ადმინისტრაცია, გასტროენტეროლოგი, ფსიქოლოგი, თერაპევტი, თუმცა მისი დარწმუნება პარენტერალური კვების აუცილებლობაში ვერ მოახერხეს.

პარენტერალური კვება წარმოადგენს პაციენტისთვის აუცილებელი საკვების მიწოდების ალტერნატიულ ან დამატებით (ენტერალურ/ორალურ კვებასთან მიმართებაში) მეთოდს. როგორც ცნობილია, უკვე თვეებია სააკაშვილი საკვებს სრულფასოვნად ვერ იღებს.

“ჩვენს მოვუწოდეთ იმის გამო, რომ ქალბატონი გიული ყოველდღე არის პაციენტთან, დღეში ორჯერ, და მას შეეძლო აეხსნა”, – აცხადებს ჩხაიძე და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, ექსპრეზიდენტი ვერ იკვებება, მისაღები პროდუქციის კალორაჟს ყოველთვის აკონტროლებს.

“პაციენტი, სხვათა შორის, კალორაჟს ყოველთვის აკონტროლებს, რომ მისი [დღიური] კალორაჟი 400-500 კილოკალორიის ფარგლებში იყოს. მე დასკვნას არ ვაკეთებ, მხოლოდ რეალობას ვამბობ”, – განაცხადა ჩხაიძემ.

რამდენიმე დღის წინ ზურაბ ჩხაიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა საკვების მიღება შეამცირა, ხელოვნურ კვებაზე კი უარი განაცხადა. მან ოჯახს მოუწოდა, სააკაშვილი დაარწმუნონ, დაუჯეროს ექიმების რეკომენდაციას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში “ამან მართლა შეიძლება მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე“.

ჩხაიძის ეს განცხადება გააკრიტიკა ექიმმა ლევან მეტრეველმა, რომელიც სააკაშვილის სასამართლო პროცესში უცხოელ ექიმებთან თარჯიმნის როლშიც მონაწილეობს. მეტრეველმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ რჩება განცდა, კლინიკა ოჯახს აკისრებს პასუხისმგებლობას მოსალოდნელ მძიმე შემთხვევაზე. მეტრეველი ამავე კონტექსტში განიხილავს კლინიკის ხელმძღვანელის, ნინო კუზანოვა-ნადირაძის განცხადებას, რომ ოჯახს სააკაშვილთან გემრიელი საჭმელი არ შეაქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი