ახალი ამბები

2022 წელს თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ პრობლემა იყო — „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

31 იანვარი, 2023 •
2022 წელს თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ პრობლემა იყო — „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს და გასულ წელს ადამიანის უფლებების მიმართულებით მდგომარეობას აფასებს.

ორგანიზაციის განცხადებით, თანასწორობის უფლების დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა ისევ დიდ გამოწვევად რჩება. ანგარიშის ავტორების თქმით, ისევე, როგორც წინა წლებში, კვლავ პრობლემურია ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, LGBTQI+ თემის წარმომადგენლების თუ არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი მიესალმა საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტიციურ რეფორმებს, მათ შორის, რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელებას. თუმცა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ამასთან, კომიტეტმა საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებისკენ მოუწოდა.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდის სტატისტიკური ინფორმაციით, ქმრებმა და ყოფილმა პარტნიორებმა საქართველოში 16 ქალი მოკლეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის დანაშაულებზე მსხვერპლის დადანაშაულება ხდება, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ქალთა მდგომარეობას საქართველოში.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, კვლავ სისტემური პრობლემაა სამართალდამცავთა მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება ძალადობის ფაქტების პრევენციის ან გამოძიების ფარგლებში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე ორჯერ იმსჯელა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობაზე და ორივე შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან დარღვევა დაადგინა:

„მათ შორის, 2022 წლის 10 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში, საქმეზე A და B საქართველოს წინააღმდეგ, ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის საშუალებებისა, სამართალდამცავები არათუ არ მიმართავდნენ ამ საშუალებებს, არამედ ძირითად შემთხვევაში, მსხვერპლს არ აწვდიდნენ შესაბამის ინფორმაციას მისი საპროცესო უფლებებისა და დაცვის სხვადასხვა საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული ზომების შესახებ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით, ხარვეზები გამოვლინდა სასამართლო განხილვების დროსაც.

კერძოდ, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეებიდან იკვეთება ტენდენცია, რომ ძალადობაში ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფარდებენ.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოების მხრიდან მოცემულ საქმეებზე ბრალდებულების მიმართ მსგავსი ლმობიერი მიდგომა წარმოადგენს სახიფათო ტენდენციას და  შემდგომში ზრდის უფრო მძიმე შედეგების დადგომის რეალურ რისკს.

ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, მსხვერპლისთვის დაუცველობის განცდა უფრო მატულობს, როდესაც ძალადობაში მხილებული პირი არის თავისუფლებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებით გამოეხმაურა აღნიშნულ სახიფათო ტენდენციას.

„განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ თელავში სწორედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა კაცმა მოკლა ახალგაზრდა ქალი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოკლული ძალადობის მსხვერპლი იყო, რაც მოსამართლემ იცოდა, მაგრამ მან ბრალდებულს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მისცა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნავს, რომ მუდმივი საფრთხისა და დაუცველობის შეგრძნება დაზარალებული ქალების რევიქტიმიზაციას უწყობს ხელს.

ორგანიზაციის თქმით, დაფიქსირდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც პატიმრობის მოთხოვნის მიუხედავად, პირს, რომელსაც გამოძიება ცოლის, მცირეწლოვანი შვილისა და ცოლის დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება, სასამართლომ  მეორედ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების დაკვირვებით, დაზარალებული ქალების მდგომარეობას დამატებით აუარესებს სამართალდამცავთა მხრიდან დაგვიანებული რეაგირება, ასევე – გაჭიანურებული პროცესები.

ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დეფინიცია გაუპატიურების შესახებ კვლავ არ არის თანხვედრაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან (სტამბოლის კონვენცია).

ანგარიშის ავტორების თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, გაუპატიურება არის პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აღიარებულია, რომ იძულება არ არის გაუპატიურების ელემენტი და გაუპატიურებად ჩაითვლება ქმედება, როცა არ არსებობს მსხვერპლის ნებაყოფლობითი და თავისუფალი თანხმობა. შესაბამისად, ორგანიზაციაში მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველოს კანონმდებლობა თანხვედრაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და გაუპატიურების კვალიფიკაცია არ იყოს დამოკიდებული იძულებასთან:

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის დადებითი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება. სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართალდამცავი პირების მხრიდან ოჯახში ძალადობაზე რეაგირების პროგრესი ხაზგასმულია სახალხო დამცველის მხრიდანაც. თუმცა, სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება შესაბამისი ინსტიტუტების მიერ მსგავსი ძალადობის შემთხვევების სისტემურობის გამოვლენა და მის ერთიან დანაშაულად აღქმა“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაშიც, კერძოდ, 2022 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის ფარგლებშიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლს, აგრეთვე, ამ დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს უფლება აქვთ, ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ სახელმწიფოსგან იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ჩამდენი პირისგან შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსხვერპლებს აქამდეც შეეძლოთ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლოს წესით, მაგრამ ახლა ამას დაემატა ზრუნვის სააგენტოც, როგორც დამხმარე რგოლი. მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ თუ დამნაშავე პირისგან ვერ მოხდება თანხის ამოღება, მაშინ ეს ვალდებულება გადადის სახელმწიფოზე, რაც ნამდვილად შეიძლება განხილულ იქნას დადებით ჭრილში.

ორგანიზაციის განცხადებით, კიდევ ერთი პოზიტიური ცვლილებაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით, როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის პროცესში.

კერძოდ, ანგარიშის ავტორების განცხადებით, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით, თუ აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ან/და იურიდიული დამხარების სამსახურისთვის მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში, მისი, როგორც ფიზიკური პირის, დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა

ორგანზიაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი და გარანტირებული იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო.

„2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლად შეკეთებულ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო ორი ბავშვი დაშავდა. მიმდინარეობს გამოძიება.

ტრაგედიას გამოეხმაურა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, რომელმაც მოუწოდა როგორც ეროვნულ, ისე ქალაქის ხელისუფლებას, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ისევ რჩება ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში არასრულწლოვნების რიცხვმა 235 252-ს მიაღწია.

თუმცა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერას და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას.

ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფოში ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი.

ანგარიშის ავტორების თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში, ასევე, მითითებულია, რომ საქართველოში გართულდა ბავშვთა მდგომარეობის შეფასებაც. ხშირ შემთხვევაში მათ მიმართ ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა დროულად ვერ ხდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამას ემატება უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების პრობლემა, რაც ასევე მიუთითებს ბავშვთა დაცვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობაზე.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საყურადღებოა საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და სათანადო პირობების უზრუნველყოფა.

მათი თქმით, ასეთ პირობებში, უკრაინელი ლტოლვილებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულება საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს ომის სისასტიკეს გამორიდებულ ბავშვებს.

ეროვნული უმცირესობები

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს უკავშირდება.

ორგანიზაციის განცხადებით, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა მუდმივად გრძელდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, კომიტეტმა რამდენიმე პრობლემა გამოყო, მათ შორის: პოლიტიკურ დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების ნაკლებობა; ენის ბარიერიდან გამომდინარე ინტეგრაციის პრობლემა; ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სკოლების არასაკმარისი რესურსები.

„2022 წლის 28 მარტს სოციალურ ქსელებში ორი ჰეშთეგი გავრცელდა – #ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ. ჰეშთეგით მოქალაქეები აპროტესტებდნენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ. პლატფორმა „სალამის“ დამფუძნებლის, ქამრან მამადლის თქმით, არასწორი დამოკიდებულებაა სახელმწიფოსგან, როცა მის მოქალაქეებს სახელმწიფო ენის სწავლაში ფულის გადახდა უწევთ“ ,— წერია ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ განათლების სექტორის მიმოხილვის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირებისას გამოვლინდა, რომ 2018-2022 წლებში 309 მასწავლებლის ვაკანსია დარჩა შეუვსებელი.

მეორე მხრივ, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნავს, რომ გაიზარდა ეთნიკური უმცირესობებისთვის პროფესიულ განათლებაზე წვდომა. ანგარიშის ავტორების თქმით, ამას ხელი შეუწყო გადაწყვეტილებამ, რომ მსურველებს შეუძლიათ, პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად პროფესიული ტესტირება ჩააბარონ სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენაზე.

2022 წლის 25 ოქტომბერს, დოკუმენტის ავტორების თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე შვიდმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ინიციატივით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, და ზოგადად, ხელი შეეწყოს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.

ორგანიზაციის განცხადებით, ინიციატივა მოიაზრებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში უმცირესობის ენაზე თარგმნის რესურსებისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ინტერეთნიკური საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

რელიგიის თავისუფლება

ამასთან, ანგარიშის ავტორების თქმით, საქართველოში კვლავ გრძელდება არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებების დარღვევა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელი, რომლის ფარგლებშიც გასაჩივრებული იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების წესი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ნორმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.

ანგარიშის ავტორების თქმით, სასამართლომ განმარტა, რომ 400 000 ლარით  „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის“ სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშეწყობის ნაწილში, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს მიმართ ადგილი ჰქონდა ერთგვაროვან ვითარებაში მყოფი სუბიექტების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც მოსარჩელის მიმართ ნაკლებად კეთილმოსურნეა, ერთმნიშვნელოვნად, განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება რელიგიურ ნიშანს:

„ვინაიდან სადავო შემთხვევა პირდაპირ აწესებდა განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ორგანიზაციის მიმართ, საკითხი შეფასებადია რელიგიის ნიშნით, პირდაპირი დისკრიმინაციის ფარგლებში.

ბოლნისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლომ პირდაპირ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია და დაადგინა, რომ „სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სეკულარულ მიზანს, არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას ერთ რომელიმე რელიგიას და არ უნდა ტოვებდეს რელიგიასთან გადაჭარბებული აფილაციის „შთაბეჭდილებას” ,- წერია ანგარიშში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კვლავ ითვალისწინებს იდენტურ ჩანაწერს.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით, 2022 წლის 8 დეკემბერს, ამავე საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც გააუქმა ბოლნისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ორგანიზაციის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არა მხოლოდ დაჩქარებულ ვადაში განიხილა მოცულობითი და საკმაოდ მნიშვნელოვანი დავა, არამედ მომხსენებელმა მოსამართლემ გამოავლინა ნეგატიური გამოკიდებულება მოსარჩელეებისადმი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, „მოსამართლე, არაერთხელ ჩაეკითხა ეთნიკურად აზერბაიჯანელ, საქართველოს მოქალაქეს, მოსარჩელე სამირა ბაირამოვას, იცოდა თუ არა მან, როგორ არის რეგულირებული რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი აზერბაიჯანში და ეძლევათ თუ არა ქრისტიანებს რამე სახის დაფინანსება სახელმწიფოსგან“.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ორგანიზაციის თქმით, ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, საზოგადოებაში მრავალფეროვნების მიმართ დამოკიდებულებები ბევრად დადებითი გახდა.

ანგარიშის ავტორების თქმით, კონკრეტულად რელიგიური უმცირესობების მიმართ, ევროპის საბჭოს ინფორმაციით, დადებითი დამოკიდებულება 2018 წელს 46% იყო, რაც 2021 წელს  60%-მდე გაიზარდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით“, 2022 წელს უფრო მეტად გამოიკვეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და ვრცლად მიმოიხილა ის პრობლემები, რაც შშმ პირთა ყოველდღიურობის ნაწილია.

მათ შორის, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების დეფიციტს; ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურების მისაწვდომობის საკითხს; განათლებასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ორანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შშმ პირთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დაამტკიცა დადგენილება შშმ პირთა უფლების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ, კომიტეტის სტრუქტურის, შემადგენლობისა და მასში შშმ პირთა მონაწილეობის მექანიზმების შემუშავებისას უგულებელყოფილი იყო შშმ პირთა მოსაზრებები და რეკომენდაციები. ამასთანავე, ანგარიშის ავტორების თქმით, არ იყო გათვალისწინებული შშმ პირთა კომიტეტის რეკომენდაციები.

ორგანიზაციის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირთა ჩართულობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველიც, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოს, მიიღოს ეფექტური ზომები შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვის, გადაწყეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად.

LGBTQI+ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ LGBTQI+ თემის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში უკეთესობისკენ არ შეცვლილა. დოკუმენტის ავტორების თქმით, თემის წარმომადგენლები საზოგადოების მხრიდან კვლავ დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი სტიგმა უარყოფითად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაც ვლინდება სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის – დასაქმების კუთხითაც.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ 2016 და 2021 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგების შედარება აჩვენებს, რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიის ინდექსები კლების ტენდენციას ამჟღავნებს. მნიშვნელოვნადაა შემცირებული იმ რესპონდენტების წილი, ვინც LGBTQI+ ადამიანების მიმართ ზიზღს განიცდის, ურთიერთობებს გარყვნილებად აღიქვამს ან მორალურად განიკითხავს ასეთ ადამიანებს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 17 მაისს დიპლომატიურმა კორპუსმა, ასევე, მოუწოდა საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, არ დაიშურონ ძალისხმევა დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და LGBTQI+ თემებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 1 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სამმა ტრანსგენდერმა კაცმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რადგან მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის „დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ9. აქედან გამომდინარე, განმცხადებლები არაერთხელ ჩავარდნილან არასამართლიან მდგომარეობაში, მაგალითად, როდესაც ბევრი ხალხის წინაშე, მესაზღვრეების თვალწინ, უხდებოდათ საკუთარი იდენტობის მტკიცება“ ,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების – დარღვევა დაადგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპულმა სასამართლომ გაუსვა ხაზი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უფლებები

ამასთან, დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

ორგანიზაციის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის 2019 წელს დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ დეტალურად ეხმიანება იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რის წინაშეც დევნილები 2022 წელსაც დგანან:

„კერძოდ, დევნილთა უმეტესობა ისევ სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აშენებულ კოტეჯებში ცხოვრობს, სადაც იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა: სინესტე, ბზარები, ხარვეზიანი გადახურვა, ზედმეტი სითბო და სიცივე. პრობლემურია დევნილთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზეც, რაც გამოიხატება დევნილთა ჩასახლების ადგილებში სამედიცინო პუნქტების ან/და აფთიაქების ნაკლებობაში“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორების თქმით, 2022 წლის იანვარში აფხაზეთიდან დევნილი 52 წლის კაცი თბილისში მდებარე ყოფილი სანატორიუმის „ქართლის“ შენობიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა.
ორგანიზაციის განცხადებით, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მან მიმართა სანატორიუმში მცხოვრებთათვის ახალი საცხოვრებლის გამოყოფის გაჭიანურების გამო.

„ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმარა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აღნიშნა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ. ვითარებას ადგილზე გაეცნო საქართველოს სახალხო დამცველიც, რომელმაც მზაობა გამოთქვა, შეესრულებინა მედიატორის ფუნქცია სამინისტროსა და დევნილებს შორის“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი