ახალი ამბები

ალასანია: სააკაშვილმა გამთენიისას გონება კიდევ ერთხელ დაკარგა

31 იანვარი, 2023 • 753
ალასანია: სააკაშვილმა გამთენიისას გონება კიდევ ერთხელ დაკარგა

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა გონება დღეს გამთენიისასაც დაკარგა.

დედის თქმით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მძიმედაა და მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსულმა ინფექციამ ჩაიარა, პაციენტს მაინც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ფაქტობრივად ვერ გადაადგილდება:

„ღამის 3-4 საათზე მოხდა. აბაზანაში მოხდა, როგორც ჩანს, იყო შესული და წაიქცა. ღამით არავინაა ხოლმე პალატაში, ექთანი დერეფნის იქით ზის. ჩემი შვილი თუ დაუძახებს, აწვდენს ხმას და მაშინვე შემოდის ხოლმე. ექიმებიც იყვნენ დღეს შესული, გასინჯეს, მეც ველაპარაკე ნევროლოგს და მკურნალ ექიმს. დასუსტებულია ძალიან და ამიტომ მოხდა.

რამდენიმე დღის წინ სწორედ აქ, „ვივამედთან“ გაიჟღერა პროგნოზმა, რომ ეს ფატალურად შეიძლება დამთავრდეს. ექიმები ამბობენ, რომ მძიმედაა და რაღაც გათვლები აქვთ და უნდათ დანიშნულება შემოიტანონ, ვნახოთ. ძალიან მაღალი ტემპერატურა ჰქონდა დღეს ამ ამბის შემდეგ, თითქმის 39-მდე, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი უკვე გადავლილია. საერთოდ ვერ დადის, ხელოვნურ კვებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს“, – ამბობს გიული ალასანია.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედის“ დირექტორთან ზურაბ ჩხაიძესთან ცდილობს დაკავშირებას. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი