ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ლაჩინის კორიდორის ბლოკადის საკითხზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის სარჩელის განხილვა დაიწყო. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.
50 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.
სარჩელში სომხური მხარე აზერბაიჯანს ადანაშაულებს “ეთნიკური წმენდისკენ მიმართულ ქმედებაში” და ბლოკადის სრული მოხსნას მოითხოვს.
სომხური მხარის ცნობითვე, სასამართლოს დღევანდელი განხილვები არის 2020 წელს სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ნაწილი.
ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.