ახალი ამბები

სამინისტრომ 11 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი შეუჩერა

27 იანვარი, 2023 • 935
სამინისტრომ 11 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სხვადასხვა ვადით შეუჩერა.

ეს გადაწყვეტილება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო. როგორც უწყება ამბობს, დღეს გამართულ შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით განიხილეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი  და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა.

პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს“, – ამბობენ სამინისტროში.

მათივე ცნობით,  მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. 2022 წელს საბჭოს წევრებმა იმსჯელეს 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე, რაც  266 ექიმს დაეკისრა.

„საბჭოს გადაწყვეტილებით,  70 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება,  6 მედიკოსს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.

პროფესიული განვითარების საბჭო შედგება ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი