ახალი ამბები

ირანისა და რუსეთის მოქალაქეები თბილისში ერთობლივ აქციას გამართავენ

23 იანვარი, 2023 • 2747
ირანისა და რუსეთის მოქალაქეები თბილისში ერთობლივ აქციას გამართავენ

ირანისა და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც თავს ამჟამად საქართველოს აფარებენ, ხვალ, 24 იანვარს, თბილისში მართავენ „მარშს დიქტატურის“ წინააღმდეგ.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიამ შარიფიმ ნეტგაზეთს განუცხადა, ისინი აპროტესტებენ დიქტატორულ რეჟიმებს ირანსა და რუსეთში, მხარს უჭერენ უკრაინელი ხალხის ბრძოლას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ. მისი თქმით, მსვლელობას რუსეთის მოქალაქეებთან ერთად მართავენ.

„ეს მარში არის ყველასთვის, ვინც იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ირანელი ხალხი იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ, მხარს უჭერს უკრაინას, ხალხი და ირანის რეჟიმი განსხვავდება ერთმანეთისგან. ირანის რეჟიმი მშვიდობიან ადამიანებს ხოცავს, ციხეში სვამს, ახშობს თავისუფალ სიტყვას. რუსეთიც ცდილობს გაანადგუროს უკრაინა. ჩვენ ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით“, — განუცხადა მარიამ შარიფიმ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, მარშის მიზანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც დიქტატორულ რეჟიმებს ებრძვიან, ერთმანეთი გაამხნევონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი