ახალი ამბები

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზაზე“ — ფრანგულ-გერმანული დეკლარაცია

23 იანვარი, 2023 • 1005
„მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზაზე“ — ფრანგულ-გერმანული დეკლარაცია

ელისეს ხელშეკრულების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ფრანგულ-გერმანული დეკლარაცია , რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, საფრანგეთი და გერმანია იღებენ ვალდებულებას, „იმოქმედონ ევროკავშირის გასაძლიერებლად და ევროპის ხვალინდელი დღისთვის მოსამზადებლად“. დეკლარაცია გმობს რუსეთის ქმედებებს და მხარს უჭერს ომის დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას; ადასტურებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში.

„ჩვენ შევინარჩუნებთ ამ მხარდაჭერას და ვიქნებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრამ აჩვენა ევროპის კონტინენტზე მშვიდობიანი თანამშრომლობის სურვილი და გააგზავნა ძლიერი სიგნალი ევროპაში იმპერიალიზმის დაბრუნების წინააღმდეგ. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შეხვედრას, რომელსაც 1 ივნისს მოლდოვა  უმასპინძლებს“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

საფრანგეთი და გერმანია ადასტურებენ ერთგულებას ძლიერი და დაბალანსებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობისა და ნატოს მიმართ, რომელიც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების საფუძვლად.

„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ერთგულება და ჩართულობა ევროკავშირის და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენი აღმოსავლელი მოკავშირეების მხარდასაჭერად სამხედროები დაგეგმავენ ფრანკო-გერმანული ბრიგადის ერთობლივ წვრთნებს ლიეტუვასა და რუმინეთში. ამ კონტექსტში ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორების მდგრადობის გაზრდისადმი, მათ შორის ევროპული სამშვიდობო მექანიზმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე მზად ვართ, გავაუმჯობესოთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კოორდინაცია“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

საფრანგეთი და გერმანია კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებენ თავიანთ სრულ ერთგულებას დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისადმი და სანდო რეფორმებზე დაყრდნობით მოუწოდებენ გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისკენ.

ევროკავშირის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორის, გასაძლიერებლად და მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად საფრანგეთი და გერმანია საჭიროდ მიიჩნევენ ევროპული ინსტიტუტების რეფორმას.

„გაფართოებული ევროკავშირის ფუნქციონირებისთვის ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

„მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ უნდა გავაფართოოთ ის სფეროები, სადაც კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრა გამოიყენება საბჭოში, რათა გადავლახოთ ჩიხები, რომლებიც დაფიქსირდა, მაგალითად, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და გადასახადების გარკვეულ სფეროებში. ამ მიზნით მხარს ვუჭერთ შესაბამისი საპასუხო პუნქტების გამოყენებას და კონსტრუქციულ თავშეკავებას, როგორც შესაძლო გზას არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის საარჩევნო კანონის მოდერნიზაციას, მათ შორის გაერთიანების მასშტაბით საარჩევნო ოლქის შექმნას ტრანსნაციონალური სიებით, ისევე როგორც ახალი გზების შემუშავებას მოქალაქეების დისკუსიებში ჩართვისთვის“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში საუბარია ევროპის შესაძლებლობების კონსოლიდაციის, დაიცვას საკუთარი თავი, და ნატოში ევროპული საყრდენის გაძლიერების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი