ახალი ამბები

სააკაშვილისთვის მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ, მე არ მომინდება მისი შეჭმა – ნადირაძე

23 იანვარი, 2023 • 1039
სააკაშვილისთვის მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ, მე არ მომინდება მისი შეჭმა – ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის და ერთადერთი საყურადღებო ფაქტორი მისი წონაა.

ნადირაძის თქმით, სააკაშვილის წონას მკურნალი ექიმები ვერ შეინარჩუნებენ, რადგან ოჯახის წევრებს მისთვის ისეთი საკვები არ მიაქვთ, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო რაოდენობის კალორიებს შეიცავს.

ამის შესახებ მან 22 იანვარს „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„აი, გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები, ცოტა კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს.

მე ვიცი ნამდვილად, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. არ მჩვევია წუწუნი, მაგრამ რომ იცი, მისი გამოჯანმრთელება მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული, 1 000 კალორია მაინც მოიტანე… 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით. ის მიღებულ საკვებს ითვისებს. თუ, ვთქვათ, ჭამ ბორშს ან რაღაც საკვებს, ე.ი. შეგიძლია კვება. ჰოდა, რაღაც გემრეილი მოიტანონ… [გვეუბნებიან] „არ შეჭამს“. მოიტანეთ, ჩვენ ეგება შევაჭამოთ“, — აცხადებს ნადირაძე.

როგორც ნადირაძე ამბობს, მკურნალი ექიმები სააკაშვილის ოჯახს სთხოვენ, რომ მას მრავალფეროვანი საჭმელი მიუტანონ, რასაც ოჯახი არ ითვალისწინებს.

„მე არავის დავადებ ხელს, უბრალოდ, ფაქტია, როცა ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადისაღმძვრელი სუნებით, და მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ, როცა გინდა, რომ ადამიანი კარგად იკვებებოდეს… მე რაც ვნახე, მე არ მომინდება მისი შეჭმა“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ნინო ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. ალასანიას თქმით, ოჯახის ინტერესია, რომ სააკაშვილი კარგად იყოს, თუმცა სააკაშვილს ყველაფრის ჭამა არ შეუძლია და რისი მიღებაც შეუძლია, მასთან ის საკვები მიაქვთ.

„შეიძლება,  ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული[…] მძიმე მეტალებია ორგანიზმში, რომელიც ჯერ არ გამოსულა[…] ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია, იმაზე მეტი არ შეუძლია და სხვანაირიც არ შეუძლია[…]

მე არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური და უხარისხო მოგვქონდეს. ჩემი ინტერესია, რომ ჩემი შვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში“, – ამბობს გიული ალასანია.

გიული ალასანიას თქმით, რამდენჯერაც სცადეს, რომ სააკაშვილისთვის ექიმების რეკომენდებული საკვები მიეცათ, მან ვერ შეძლო ამ საკვების მიღება.

„კი, ექიმები ამას გვეუბნებიან [რომ საკმარისი კალორაჟი არ არის], მართალია. მაგრამ, საქმე ის არის, რომ როცა ჩამოთვლიან, ხორცი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს… ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ, უკაცრავად და, ამოიღო უკან. ვერ იღებს ორგანიზმი ასეთ საკვებს. [ის მოგვაქვს], რის ჭამასაც ახერხებს და  რასაც თვითონ მისახელებს, ის მოგვაქვს“, — ამბობს გიული  ალასანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი