ახალი ამბები

გერმანია პოლონეთს ხელს არ შეუშლის “ლეოპარდების” უკრაინისთვის მიწოდებაში — ბერბოკი

23 იანვარი, 2023 • 798
გერმანია პოლონეთს ხელს არ შეუშლის “ლეოპარდების” უკრაინისთვის მიწოდებაში — ბერბოკი

იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთი უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების, “ლეოპარდების” გაგზავნას გადაწყვეტს, ბერლინი აღნიშნულს არ შეეწინააღმდეგება. ამ საკითხზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ანალენა ბერბოკის თქმით, პოლონეთს ბერლინისთვის “ლეოპარდის” ტიპის ტანკების ექსპორტის შესახებ ფორმალური თხოვნით არ მიუმართავს. თუმცა ფრანგულ LCI TV-სთან საუბრისას ბერბოკმა დაამატა:

“თუ გვთხოვენ, გზაზე არ გადავუდგებით”.

მინისტრის სიტყვებით, გერმანიის ოფიციალურმა პირებმა იციან, რაოდენ მნიშვნელოვანია ტანკები.

“ამიტომაცაა, რომ ამ საკითხს ახლა პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ”, — ციტირებს ინტერვიუს ნაწყვეტს სააგენტო AP News.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია უკრაინისთვის ლეოპარდ 2-ის ტანკების გადაცემაზე უარს იტყვის, ვარშავა მოძებნის პარტნიორებს, რათა უკრაინას აღნიშნული ტანკები მიაწოდოს.

“ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების სამხილების ნახვა შესაძლებელია ტელევიზიით და Youtube-ზე.

მეტი რა სჭირდება გერმანიას, რომ თვალი გაახილოს და გერმანიის სახელმწიფოს პოტენციალის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება?!… სულ მცირე, ბერლინმა არ უნდა შეასუსტოს ან ხელი არ შეუშალოს სხვა ქვენების ქმედებებს”, — დასძინა მან.

გერმანული წარმოების ტანკების საკითხი გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე, ნატოს წევრი ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებს შორის გასულ კვირას გამართული შეხვედრის საკვანძო საკითხი იყო. შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა:

გერმანიის თავდაცვის მინისრტრმა თქვა, რომ “ლეოპარდების” უკრაინისთვის მიწოდებისთვის “მწვანე შუქის ასანთებად” მოკავშირეებს შორის თანხმობა უნდა შედგეს, თუმცა ბუნდოვანია, რომელი მოკავშირე სახელმწიფო ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს.

მოკავშირეებთან კოორდინაციის საჭიროების შესახებ ისაუბრა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, რომელიც 23 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

ამასთან, შოლცის სიტყვებით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ერთად, როგორც ევროპელები – ევროპული სამშვიდობო პროექტის დასაცავად”.

თავის მხრივ, მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს სთხოვა, “იმუშაოს” საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის ფრანგული წარმოების “ლეკლერკის” საბრძოლო ტანკების გადაცემაზე.

ამასთან, 20 იანვარს 50-მდე ქვეყანა უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ისეთი ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადაცემაზე შეთანხმდა, რომელიც საჭიროა რუსეთის სამხედრო ძალების უკან დახევისთვის.

რა არის ლეოპარდ 2 და რატომ სჭირდება უკრაინას

ლეოპარდ 2 გერმანული წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკია. ის საკუთარი შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.

The Guardian-ის თანახმად გერმანიის გარდა, ლეოპარდ 2-ის ტანკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო არსენალში ირიცხება. ისინი ამ ქვეყნებს ექსპორტის ლიცენზიით მიეწოდა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე, გერმანიას შეუძლია ვეტო დაადოს მის რეექსპორტს. მაგალითად, არ მისცეს უფლება პოლონეთს, რომელსაც უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გადაცემა სურს.

გამოცემის მიხედვით, კიევში, ხარკოვსა და ხერსონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინას აფერხებს საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი. გამოცემის თანახმად, უკრაინის ტანკები ძირითადად საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა პერიოდისაა.

უკრაინა და მისი მოკავშირეები კი მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება უკრაინის კონტრშეტევით ბრძოლებში.

ლეოპარდ 2 ფართოდ ხელმისაწვდომია, რის გამოც უკრაინისთვის ხელსაყრელია. მაგალითად, აღნიშნული ტანკები აქვს პოლონეთსაც, რომლის პრემიერ-მინისტრმაც რამშტაინის სამიტამდე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გერმანიის გადაწყვეტილების მიუხედავად განიხილავდნენ.

მიწოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ნატოს ქვეყნების მხრიდან ომში ჩართვის ესკალაცია იქნება, რაც გაზრდის ომის მასშტაბების გავრცელების საფრთხეს. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ ტანკებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დასაცავად გამოიყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი