ახალი ამბები

U21 ევროპის ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურაზე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება – სამინისტრო

21 იანვარი, 2023 • 1008
U21 ევროპის ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურაზე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება – სამინისტრო

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებით, საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, მოწესრიგდება არსებული და დამატებით მოეწყობა 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი.

უწყების თქმით, სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონეზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ახალი საფეხბურთო სტადიონები შენდება ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში.

უწყების თქმით, სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.

2023 წელს 21-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. A ჯგუფის დანარჩენ სამი მატჩსა და მეოთხედფინალს კი თბილისიში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი და ფინალური შეხვედრა ბათუმში „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი კი C ჯგუფის სამი მატჩს და მეოთხედფინალს უმასპინძელბს.

მასალების გადაბეჭდვის წესი