ახალი ამბები

ირანი უარს ამბობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებაზე

19 იანვარი, 2023 • 1405
ირანი უარს ამბობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებაზე

ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ქვეყნებს შორის „ბრწყინვალე ურთიერთობების“ მიუხედავად, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა.

„ვაიღარებთ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ მიზეზით, თეირანსა და მოსკოვს შორის ბრწყინვალე ურთიერთობების მიუხედავად, არ ვაღიარეთ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის უკრაინისგან გამოყოფა“, – ახსნა დიპლომატმა.

მისი თქმით, ირანის ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაში „თანმიმდევრული პრინციპი“ აქვს: „როცა ვამბობთ, რომ ომი უკრაინაში არაა [პრობლემის] მოგვარება, გვჯერა საკუთარი პოზიციის, როგორც ფუნდამენტალური პოლიტიკური პრინციპის, რომელსაც ვეყრდნობით“, – განაცხადა მინისტრმა.


2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ხოლო 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩაატარა ე.წ. რეფერენდუმები დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

ირანი, ბელარუსთან ერთად, ამჟამად რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა. სწორედ ირანული წარმოებისაა დრონები, რომელსაც მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მისატანად იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი