ახალი ამბები

ევროპარლამენტი კრემლის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

19 იანვარი, 2023 • 664
ევროპარლამენტი კრემლის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ  დანაშაულისთვის რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ითხოვს.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, შექმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებს რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას და მის მოკავშირეებს.

ევროპარლამენტარების აზრით, ტრიბუნალის შექმნა შეავსებს ვაკუუმს საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში და დაეხმარება ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საგამოძიებო ძალისხმევას, რადგან მას არ შეუძლია გამოიძიოს აგრესიის დანაშაული, როდესაც საქმე უკრაინას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ტრიბუნალის ზუსტი პირობები და შემადგენლობა ჯერ განსაზღვრული არ არის, ევროპარლამენტარების აზრით, მას უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოძიება აწარმოოს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, არამედ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი ახლობლების მიმართ.

რეზოლუცია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის მოსამზადებელი სამუშაოები სპეციალურ ტრიბუნალთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ფოკუსირებული იყოს სასამართლოს შექმნაზე უკრაინასთან თანამშრომლობით.

რეზოლუცია 472 ხმით 19-ის წინააღმდეგ მიიღეს, 33-მა თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი