ახალი ამბები

მელია: ლავროვი კმაყოფილია „რუსული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკით

18 იანვარი, 2023 • 874
მელია: ლავროვი კმაყოფილია „რუსული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკით

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება პირდაპირი დადასტურებაა, რომ საქართველოს მართავს არა დამოუკიდებელი მთავრობა, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმი.

„დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სრული სახელმწიფოებრივი და ეროვნული კატასტროფა — პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი კრიმინალ ლავროვის პირით მადლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას. სერგეი ლავროვი კმაყოფილია იმ ანტიდასავლური და, შესაბამისად, ანტიქართული პოლიტიკით, რასაც ატარებს რუსული ოცნება და რაც პირდაპირ გამორიცხავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – აცხადებს ნიკა მელია.

რუსეთისადმი, როგორც მეტროპოლიისადმი, ივანიშვილის გუნდის მარიონეტული დამოკიდებულება, მელიას თქმით, საქართველოს ისტორიის, მისი თანამედროვეობისა და მომავლის ღალატია.

„ხარობს რუსეთი დღეს იმით, რაც საქართველოში ხდება; ხარობს რუსეთ-საქართველოს კონტაქტების გაუმჯობესებით. ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც ცივილიზებული სამყაროდან რუსეთი სრულიად იზოლირებულია. რუსეთი მარცხდება ომში უკრაინასთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, ამის ფონზე კი, რბილი ძალისა და მათ მიერ მართული რუსული ოცნების ხელისუფლების მეშვეობით, ასრულებს თავის მიზნებს საქართველოში. ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია“, — აცხადებს მელია.

მისივე თქმით, რუსეთს უხარია, რომ ზვიად გამსახურდიას შემდეგ, საქართველოში კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს, რომელმაც მოსკოვის მსახურებას უთხრა „არა“.

„რუსეთს უხარია, რომ მოახერხა და საქართველოს თანამედროვე ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში შემოიტანა ბზარი და დაქსაქსულობა მაშინ, როდესაც საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე — ადგილზე, საიდანაც ნაბიჯი უკან არის უფსკრულში გადაჩეხა“, — ამბობს მელია.

ის ხაზს უსვამს, რომ დაქსაქსულობაა პარტიაშიც, რომელიც ლოკომოტივის როლს უნდა ასრულებდეს და უფსკრულიდან ევროპისკენ უნდა მიუძღოდეს ქვეყანას. მელიას თქმით, ენმ-ში შიდა არჩევნები დროულად უნდა დასრულდეს.

„შემდეგ კი სწრაფი ცვლილებებით, ოპოზიციური ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების კონსოლიდაციით, დავიწყებთ სწრაფ მოძრაობას წინ ევროპისაკენ. დღეს რაც ხდება საქართველოში, უხარია რუსეთს! ვერ გაიხარებს საქართველოში ვერც რუსეთი, ვერც რუსული ოცნების მთავრობა და ვერც რუსეთის მიერ საქართველოში დამკვიდრებული მეთოდები“, — დასძენს ნიკა მელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მიესალმება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი