ახალი ამბები

მუდრიკის ტრანსფერის თანხის ნაწილი მარიუპოლის მებრძოლების ოჯახებს მოხმარდება

16 იანვარი, 2023 • 715
მუდრიკის ტრანსფერის თანხის ნაწილი მარიუპოლის მებრძოლების ოჯახებს მოხმარდება

დონეცკის „შახტარი“ მიხაილო მუდრიკის ტრანსფერით მიღებული თანხის ნაწილს მარიუპოლის მებრძოლების ოჯახებს მოახმარს. განცხადება ამის შესახებ უკრაინულმა კლუბმა გაავრცელა.

როგორც BBC წერს, მარიუპოლში მებრძოლთა ოჯახების საჭიროებების დასაფარად კლუბი 25 მილიონი აშშ დოლარის გაღებას გეგმავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ლონდონის „ჩელსისთან“ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ფეხბურთელის სანაცვლოდ დონეცკის „შახტარმა“ 75 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, დამატებით ბონუსის სახით კი კიდევ 35 მილიონ აშშ დოლარი ეკუთვნის.

კლუბის პრეზიდენტის რინატ ახმეტოვის განცხადებით, თანხა მერბძოლების და მათი ოჯახების სამედიცინო პროცედურებსა და თერაპიას მოხმარდება.

რაც შეეხება თავად სპორტსმენს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მუდრიკმა შახტარის მაისურით სამი გოლის გატანა შეძლო, თუმცა კლუბი ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა. 22 წლის უკრაინელი ფეხბურთელის გადაბირებით არაერთი ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა გარიგება საბოლოოდ ლონდონის „ჩელსისთან“ გაფორმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი