საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ იმ ჯგუფს, რომელმაც ყვარელში ლევან ბერძენიშვილს საშუალება არ მისცა, ლექცია ჩაეტარებუნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აძლევს კონსტიტუციის საწინააღმდეგო და თავისუფალი მოქმედების საშუალებას.
ამის შესახებ დღეს, 16 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
„ეს მარგინალური პრორუსული ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და მათ აქვთ „მწვანე შუქი“ ხელისუფლებისგან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თეონა აქუბარდიას თქმით, 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ ტენდენციად იქცა, რომ ძალადობრივ ჯგუფებს შსს ხელს არ უშლის.
„მედიაში გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანდა, რომ ამ აქციის, პიკეტირების პროცესში ჩართული იყვნენ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები – „ალტ ინფო,” „კონსერვატიული მოძრაობა“. უკვე მერამდენედ ხდება, როცა ეს ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავის ჩანაფიქრს ისე, რომ შსს ამას უყურებს და ხელს არ უშლის ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ამიტომ მათ სადეპუტატო კითხვებით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა ადგილზე მისული პოლიციის და ადგილობრივი პოლიციის უფროსის სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან უმოქმედობის ფაქტის თაობაზე.
კაციტაძეს კი მიმართეს კითხვით, დაიწყო თუ არა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი გამოძიება ადგილზე მისული პოლიციის და ადგილობრივი პოლიციის უფროსის სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის და/ან უმოქმედობის ფაქტის თაობაზე.