ახალი ამბები

უკრაინამ შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა

16 იანვარი, 2023 • 1822
უკრაინამ შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა

„კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინამ სანქციების სიაში შეიყვანა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება პერსონალურ სპეციალურ ეკონომიკურ და სხვა შემაკავებელ ზომებში (სანქციებში) ცვლილებების შეტანის თაობაზე. სიაში დამატებულია შოთა აფხაიძეც, რომელიც რუსეთის მოქალაქედ არის მოხსენიებული. პერსონალური სანქციები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას და სხვა.

შოთა აფხაიძე წერს, რომ ზელენსკის ბრძანებულების საფუძველზე სანქციები უკრაინამ და ევროკავშირმაც დაუწესეს, თუმცა ევროკავშირის პერსონალური სანქციების სიაში აფხაიძის გვარი შეტანილი არ არის.

„ამას ჰქვია, შუაგული ბრიუსელიდან მებრძვიან. კიევში ვინმე ჭკუათმყოფელი დარჩა? რას ბოდავთ, რაები მომაბრალეთ, ბატონო ზელენსკი და სრულიად უკრაინის ხელისუფლებავ?! საიდან მოიტანეთ, რომ მე რუსეთის მოქალაქე ვარ? ელემენტარული ფაქტები მაინც გადაამოწმეთ“, — წერს აფხაიძე სოციალურ ქსელში.

შოთა აფხაიძე სასჯელს იხდიდა 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიაში” მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის ბრალდებით. 2012 წლის ამნისტიის დროს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და „ევრაზიის ინსტიტუტს” შეუერთდა. ამავე ინსტიტუტის დამფუძნებელია გულბაათ რცხილაძე.

„მითების დეტექტორის” ინფორმაციით, დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ავტორი იყო და გამოირჩევა ღიად პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯებით. აფხაიძე ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში, როგორიცაა „სპუტნიკი“, „ცარგრად ტვ“, Новостной Фронт და სხვა.

„მითების დეტექტორის“ ცნობითვე, შოთა აფხაიძე მართავდა News Front Georgia-ს, რომელიც Facebook-მა კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო წაშალა, თუმცა თავად აფხაიძემ ეს ფაქტი უარყო.

2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ტელეარხ Zvezda-ას გადაცემისთვის „ღია ეთერი” (Открытый эфир) სიუჟეტი მოამზადა, რომელიც ასახავდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ შეთქმულებას.

გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, აფხაიძე აცხადებდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მთელი დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ხელოვნურად ამწვავებდნენ სიტუაციას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად. აფხაიძე ამბობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გავლენით მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი — ვაშინგტონთან და ადგილობრივ სააკაშვილისეულ ოპოზიციასთან ერთად, ცდილობენ აიძულონ ოფიციალური თბილისი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი