ახალი ამბები

გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას – ღარიბაშვილი

14 იანვარი, 2023 • 772
გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას – ღარიბაშვილი

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ავრცელებს.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულებაა.

მისივე თქმით, ქვეყანას ისეთი მიღწევები აქვს, რომელთა წყალობითაც წინსვლას აგრძელებს.

„ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ.

დღევანდელ დღემდე მოსასვლელად ჩვენმა ხალხმა დიდი შრომა გასწია და გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და უკეთესი ხვალინდელი დღის შენებას.

სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი