ახალი ამბები

ერდოღანი ზელენსკისთან და პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე ისაუბრებს – თურქეთის ომბუდსმენი

12 იანვარი, 2023 • 1199
ერდოღანი ზელენსკისთან და პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე ისაუბრებს – თურქეთის ომბუდსმენი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს. ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალქოჩმა განაცხადა.

როგორც თურქეთის ომბუდსმენმა განაცხადა, ერდოღანს თხოვნით მიმართა, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას. მალქოჩის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი მის თხოვნას მიესალმა.

„თუ ასეთი შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას რუსეთსა და უკრაინას შორის დაჭრილების, ბავშვების და ქალების გაცვლაში, ეს იქნება ამ შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი“, – განაცხადა მალკოჩმა უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენების შეხვედრის შემდეგ, რომელიც ანკარაში გაიმართა.

მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად საჭირო სამუშაოები.

„მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პრეზიდენტს ამ საკითხზე დღეს თუ ხვალ ასევე ექნება სატელეფონო საუბარი ბატონ ზელენსკისთან და ბატონ პუტინთან.
ამის შემდეგ ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ერთად გავუწევთ კოორდინაციას“, – განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა.

ერთი დღით ადრე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაშავებულთათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი