ახალი ამბები

თუ ზამთრის საბურავები არ გაქვთ, თავი შეიკავეთ გადაადგილებისგან — მერია

11 იანვარი, 2023 • 832
თუ ზამთრის საბურავები არ გაქვთ, თავი შეიკავეთ გადაადგილებისგან — მერია

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები.

თბილისში რამდენიმე დღეა თოვს და ყინავს, მსგავსი ამინდი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სტიქიამ პრობლემები შექმნა როგორც თბილისის, ისე თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე.

როგორც თბილისის მერია აცხადებს, გზებს აქტიურად წმენდენ და ბოლო დღეებში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაყარეს.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას  თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.

„პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩების და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებს და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, ოპერატიულად რეაგირებს ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე“, — განაცხადა დავით ფაჩულიამ. მის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და
თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22.

მასალების გადაბეჭდვის წესი