ახალი ამბები

თბილისში პოლიციელი მოკლეს

8 იანვარი, 2023 •
თბილისში პოლიციელი მოკლეს

თბილისში პოლიციელი მოკლეს. მოკლულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე შეყელაძე.

მკვლელობაში ბრალდებულია ყოფილი პოლიციელი, რომელიც უკვე დააკავეს.

განახლება: მომხდართან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 8 იანვარს, საღამოს, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის – გ. მ.-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი – ა. შ. (ალექსანდრე შეყელაძე) და დ. ლ.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმეჯერ გაისროლა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული ადგილზე გამოძახებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს  გამოძიებისთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთი, მათ შორის: დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და სხვა; ასევე აიღეს ბიოლოგიური მასალის და სხვადასხვა სახის საკვლევი ნიმუშები; ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები;

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად.

მასალების გადაბეჭდვის წესი