ახალი ამბები

ირანში მასშტაბური პროტესტის მონაწილე კიდევ 2 ადამიანი ჩამოახრჩვეს

8 იანვარი, 2023 • 1003
ირანში მასშტაბური პროტესტის მონაწილე კიდევ 2 ადამიანი ჩამოახრჩვეს

ირანი მასშტაბური ანტისახელისუფლებო პროტესტის მონაწილეების სიკვდილით დასჯას აგრძელებს. 7 იანვრის დილით კიდევ 2 ადამიანი ჩამოახრჩვეს და ამით, სიკვდილით დასჯილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

21 წლის მოჰამად მეჰდი კარამსა და 20 წლის სეიედ მოჰამად ჰოსეინის ირანის ხელისუფლება მასობრივი პროტესტის დროს ორი სამართალდამცავის მკვლელობას ედავებოდა.

სახელმწიფო მედიასაშუალებებმა სიკვდილით დასჯამდე ბრალდებულთა „აღიარებითი ჩვენებები“ გაავრცელეს. ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი აწამეს. მათ წვდომა არ ჰქონდათ ადვოკატებთან და სასამართლო პროცესებიც დაჩქარებულ რეჟიმში გაიმართა.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით, ბრალდებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ასევე, მათ სიკვდილით დასჯამდე ოჯახთან საუბრის უფლებაც არ მისცეს.

გაერომ და ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკეს ირანის რეჟიმი და მას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპროტესტო აქციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯა.

CNN-ის ცნობით, სიკვდილით დასჯილი 21 წლის კარამი ირანის ჩემპიონი იყო კარატეში,  ასევე, ირანის კარატეს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

8 იანვარს სიკვდილით დასჯილი მეორე პირი, 20 წლის ჰოსეინიც სპორტსმენი იყო და მოხალისეობრივად, უფასოდ წვრთნიდა ბავშვებს.

ორივე ახალგაზრდა აქტიურად გამოდიოდა რეჟიმის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 2022 წლის 16 სექტემბერს პოლიციელთა ცემის შედეგად ეთნიკურად ქურთი, 16 წლის მაჰსა ამინი დაიღუპა. ახალგაზრდა ქალი მორალის პოლიციამ თავსაბურავის არტარებისთვის დააკავა, მოგვიანებით, მისი გარდაცვალების მიზეზად კი ბუნებრივი სიკვდილი დაასახელა. აღნიშნულს ირანში რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ამ დრომდე გრძელდება.

ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა აქციების 40-ზე მეტ მონაწილეს მიუსაჯა.

ფოტოზე: სეიედ მოჰამად ჰოსეინი (მარცხნივ) და მოჰამად მეჰდი კარამი (მარჯვნივ).

მასალების გადაბეჭდვის წესი