ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უარი უკრაინის წინააღმდეგ მუშაობაზე – რატომ დასაჯეს აფხაზი მაღალჩინოსანი

29 დეკემბერი, 2022 • 2351
უარი უკრაინის წინააღმდეგ მუშაობაზე – რატომ დასაჯეს აფხაზი მაღალჩინოსანი

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთი ოფიციალურ დონეზე უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდამჭერია, აფხაზეთში არიან ადამიანები, მათ შორის მაღალჩინოსნები, რომლებიც, ზეწოლის მიუხედავად, უკრაინის წინაააღმდეგ მუშაობაში არ ჩართულან.

აფხაზეთსა და უკრაინას შორის იმაზე მეტი კავშირები არსებობს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თითქმის ყველა აფხაზურ ოჯახში რომელიმე ბებია მაინც უკრაინელია. ავიღით, მაგალითად, გვარი სოლომკო, რომელიც დღეს აფხაზურ გვარად მიიჩნევა. ამ გვარის ყველა მატარებელი აფხაზურ ენას ფლობს და ყველა მათგანს ოჩამჩირის რაიონში საგვარეულო სახლი აქვს. 

საბჭოთა დროს აფხაზეთიდან უკრაინაში სასწავლებლად ბევრი მიდიოდა, ხშირად, ეს ხალხი იქვე ქორწინდებოდა. დღესაც ვხვდებით აფხაზებს, ვინც უკრაინას იცავს უკრაინის შეიარაღებული ჯარების რიგებში. მათ შორის არიან დაღუპულებიც, მაგალითად, დაურ გუმბა. თუმცა ყველამ იცის, რომ აფხაზეთის ოფიციალური პოლიტიკური კურსი რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერაა, მათ შორის, ამ ომში. 

ოფიციალურ დონეზე აფხაზეთის ხელისუფლებას ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია. აროფიციალურ დონეზეც  სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაცია ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის დონბასის მოსახლეობისთვის. ასევე ტვირთებს უგზავნიან მოხალისეებს აფხაზეთიდან, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის შეიარღებულ ფორმირებებში იბრძვიან. 

ამის მიუხედავად, დღეს რუსეთის ფედერაცია სხვა რესურსების გამოყენებასაც ცდილობს აფხაზების ჩასართავად რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში. რადგანაც აფხაზი სამხედროები მობილიზაციას არ ექვემდებარებიან, რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ, დაავალდებულონ სხვა სპეციალისტები უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად.

ამის მაგალითია საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, ალექსანდრ აჩბას დაპატიმრების ფაქტი. ის ამჟამად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. ის ეჭვმიტანილი იყო ასევე სახელმწიფო ღალატში. სწორედ ამიტომ, მის სახლსა და სამუშაო ადგილზე ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის დროსაც იარაღი აღმოუჩინეს.  

შესაძლოა, ეს საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კედლებიდან არც გამოსულიყო, რადგან უწყების ინტერესში არ არის ამ ამბის გასაჯაროვება.

მრავალი წელი აჩბა თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული იყო ხელმძღვანელების საერთაშორისო მივლინებებით,  აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუს და სხვა უცხოელ პარტნიორებთან. 

თუმცა 2020 წლიდან, როგორც სპეცსამსახურების ენაზე ამბობენ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში განიზრახეს მისი “დამუშავება”. როგორც აჩბას ადვოკატი ინგა გაბილაია ამბობს, მას ორი წლის განმავლობაში უსმენდნენ და მის გადაადგილებას აკვირდებოდნენ. თუმცა ვერ იპოვეს რაიმე ხელჩასაჭიდი, რაც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ღალატს. 

საქმე ის არის, რომ ალექსანდრ აჩბა დაიბადა უკრაინაში, ოდესაში, ატარებდა დედის გვარს – ბონდარენკო. ხანგრძლივი  დროის განმავლობაში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა იქ. 2000 -იანებში კი,  განქორწინების შემდეგ, საცხოვრებლად აფხაზეთში გადმოვიდა, სადაც სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მუშაობა. 

უკვე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის  შემოდგომით, რუსეთის ფედერლური სამსახურის [ФСБ] თანამშრომლებისგან მიიღო წინადადება, “იმუშაოს” რუსეთის ინტერესებისთვის უკრაინაში. ალექსანდრ აჩბამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის გამო კი, როგორც ის ყვება, სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ. მუხლი, რომლითაც პირველად ეჭვმიტანილი იყო –  სახელმწიფო ღალატია. იმ დროისთვის მის წინააღმდეგ უკვე მომზადებული იყო მასალების მთელი ტომი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ორი წლის განმავლობაში გროვდებოდა.

ადვოკატის ცნობითვე, ჩხრეკის დროს მის საცხოვრებელსა და ოფისში ქართულ სპეცსამხურებთან თანამშრომლობის კვალსაც ზედმიწევნით ეძებდნენ, თუმცა მხოლოდ პისტოლეტი М-57 და 22 ტყვია იპოვეს АГУ-ის [უნივერსიტეტის] საერთო საცხოვრებელში, სადაც ცხოვრობს. თავისი საკუთარი ბინა აჩბას არ აქვს. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, “იმიტომ, რომ ხელფასით ცხოვრობს”.

იმის დასამტკიცებლად, რომ ჩხრეკისას აღმოჩენილ პისტოლეტს აჩბა კანონიერად ფლობდა, მისმა ადვოკატმა ინგა გაბლიამ საბაჟო სამსახურიდან  და თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა. 2022 წლის ივნისში ალექსნდრ აჩბა აღნიშნული პისტოლეტით სამხედრო-ტაქტიკულ წვრთნებზე ვენესუელაში იმყოფებოდა. დელეგაცია სოხუმის აეროპორტიდან გაფრინდა, თუმცა, როგორც უპასუხეს, რეისზე დარეგისტირებული იარაღის სია არ მოიძებნა. ასეთივე სიის გამოთხოვა სცადა ადვოკატმა თავდაცვის სამინისტროდან, სადაც ასევე უპასუხეს, რომ სია “დაიკარგა”. 

“ყოველივე ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენი სპეცსამსხურებისა და თავდაცვის სამინისტროს რეპუტაციაზე. გამოდის, თავდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომელიც ხელისუფლებაშია და ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზეთისა და რუსეთის ძალოვან უწყებებში, უკანონო იარაღით სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს”, – ამბობს აჩბას ადვოკატი.

საბოლოოდ, იმის გამო, რომ სახელმწიფო ღალატის მტკიცებულება აჩბას საქმეში ვერ იპოვეს, ბრალი პისტოლეტის უკანონო შენახვის გამო წაუყენეს. თუმცა იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით აფხაზეთში ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ შეიძლება ბრძოლა. აქ ყველამ იცის, რომ აფხაზეთში თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება ავტომატი [არაერთი]. ამ პროცესის დარეგულირებას აფხაზეთში სანქციების შემოღებით შეეცადნენ მათთვის, ვინც არ არეგისტირებებს საკუთარ არსენალს, თუმცა ეს საქმე წარუმატებელი აღმოჩნდა – მოსახლეობა არ ჩქარობს გაასაჯაროვოს ინფორმაცია, რომ სახლში იარაღს ინახავს. 

აჩბასთან ვიზიტებზე იზოლატორში საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებიდან მისი ყოფილი კოლეგები შედიან, რომელთაც სჯერათ მისი უდანაშაულობის და იმედოვნებენ, რომ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი