ახალი ამბები

„მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაცია“ — „ხალხის ძალა“ მედიის შეზღუდვასაც ითხოვს

29 დეკემბერი, 2022 •
„მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაცია“ — „ხალხის ძალა“ მედიის შეზღუდვასაც ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ხალხის ძალიდან“ მედიის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ კანონპროექტს ამზადებენ.

ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრებმა დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი „ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს“ კანონმდებლობას ეფუძნება და მისი ინიცირება პარლამენტში იანვარში მოხდება.

„ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთელი რიგი ენჯეოები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც „ხალხის ძალის“ წევრებმა დღეს წარადგინეს „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნაა. მაჭარაშვილის თქმით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და „საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“.

მისივე თქმით, კანონპროექტების ინიცირებისთანავე დაიწყება კონსულტაციები როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“, ისე ყველა „უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი