ახალი ამბები

მოსკოვი უარზეა კიევთან მოლაპარაკებაზე ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ პირობებით

29 დეკემბერი, 2022 • 750
მოსკოვი უარზეა კიევთან მოლაპარაკებაზე ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ პირობებით

რუსეთი უარს ამბობს „მშვიდობის ფორმულის“ პირობებით კიევთან მოლაპარაკებებზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ცხადია, რომ კიევი დიალოგისთვის არ არის მზად. სხვადასხვა იდეებისა და „მშვიდობის ფორმულის“ ინიცირებით, ზელენსკი ინარჩუნებს ილუზიას, დასავლეთის დახმარებით მიაღწიოს ჩვენი ჯარების გაყვანას დონბასიდან, ყირიმიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან, რუსეთის მიერ რეპარაციის გადახდას, საერთაშორისო ტრიბუნალში [ჩვენს გასამართლებას] და ასე შემდეგ. რაღა თქმა უნდა, ასეთ პირობებზე არავისთან არ ვისაუბრებთ“, – უთხრა მან სამთავრობო „რია ნოვოსტის“.

ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“

„მშვიდობის ფორმულის“ შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნოემბერში, დიდი ოცეულის სამიტზე ისაუბრა. ის გულისხმობს შემდეგ ნაბიჯებს:

  • უკრაინის რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ყველა ტყვეს გაცვლა და დეპორტირებულთა დაბრუნება;
  • უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა;
  • ახალი ესკალაციის დაუშვებლობა;
  • სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რომელიც რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს;
  • ომის დროს მიყენებული ზარალის კომპენსირების მექანიზმის შემუშავება.

სამშვიდობო მოლაპარაკებები მხარეებს შორის აპრილში შეწყდა და ამჟამად აღარ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი