ახალი ამბები

კალაძის მოხსენებისას საკრებულოში აქტივისტებს ბანერის, “კორუფცია კლავს”, გაშლის საშუალება არ მისცეს

28 დეკემბერი, 2022 • 683
კალაძის მოხსენებისას საკრებულოში აქტივისტებს ბანერის, “კორუფცია კლავს”, გაშლის საშუალება არ მისცეს

კახა კალაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში აქტივისტებმა ბანერის, “კორუფცია კლავს”, გაშლა სცადეს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამის საშუალება საკრებულოში მყოფმა მოქალაქეებმა და დაცვამ არ მისცა.

“აქტივისტებმა ბანერი გამოვფინეთ, სადაც ეწერა, რომ კორუფცია კლავს და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. აღსანიშნავია ისიც, რომ დაპირისპირებისას თავიდან არა დაცვის თანამშრომლები, არამედ ის ადამიანები, ვინც “გალიორკაზე” იდგნენ, როგორც მოქალაქეები. ეს ადამიანები არიან სწორედ ისინი, რომელთაც კახი კალაძე უხდის ხელფასს, დასაქმებული ჰყავს სხვადასხვა ადგილზე და სწორედაც ამ ადამიანის მეშვეობით მოხდა პროვოკაცია, ეცადნენ, რომ ჩვენთვის ბანერი წაერთმიათ და შემდეგ ჩაერთნენ დაცვის თანამშრომლები.

ეს ადამიანები იმისთვის ჰყავდათ მოყვანილი, რომ დღეს პროცესებს მშვიდად ჩაევლო, მაგრამ პროცესებმა მშვიდად ვერ ჩაიარა და ვერც ვერასდროს ჩაივლის პროცესები მშვიდად, რადგან ეს ქალაქი არ არის კორუფციის გარეშე, არამედ ეს ქალაქი არის კორუფციით სავსე და სწორედ კორუფციის მსხვერპლნი არიან ადამიანები”, – განაცხადა ნიკა კვიტატიანმა “მთავარ არხთან”.

ბანერი, რომლის გაშლასაც აქტივისტები ცდილობდნენ. ფოტო: ნატა ფერაძე

თბილისის მერის მოხსენების პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები შეკრებილი იყვნენ საკრებულოს შენობასთანაც. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები ,წარწერებით: “სიძულვილით სავსე ქალაქი”, “უსამართლობით სავსე ქალაქი”, ნეპოტიზმით სავსე ქალაქი”, “სიღარიბით სავსე ქალაქი” და სხვა. აქტივისტების განმარტებით, ეს ბანერები დედაქალაქში არსებულ პრობლემებს ასახავს:

“ბანერები, რომლებზეც არის სლოგანები, რითაც რეალურად იმართება ეს ქვეყანა. რითაც არის სავსე ეს ქალაქი. აქ არის კორუფციით, უსამართლობით სავსე ქალაქი, საცობებით სავსე… ამ გადაპრანჭული თავისუფლების მოედნის და რუსთაველის მიღმა იმალება რეალურად ეს პრობლემები. ის საკუთარი მოქალაქეების პრობლემებს არიდებს თავს, გამოირჩევა აგრესიით”, – განმარტა სამოქალაქო აქტივისტმა, თამთა გოგოლაძემ “მთავარ არხთან”.

ფოტო: კადრი მთავარი არხის ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი