ახალი ამბები

ჩამოვიდა თუ არა საქართველოში პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი? — რას ამბობს ქართული მხარე

28 დეკემბერი, 2022 • 1587
ჩამოვიდა თუ არა საქართველოში პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი? — რას ამბობს ქართული მხარე

ანტიპუტინისტმა პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ჟურნალისტ იულია ლატინინასთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინის ნდობით აღჭურვილი მაღალჩინოსანი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო საქართველოს ეწვია ერთდღიანი საიდუმლო ვიზიტით.

„პუტინის ერთ-ერთი ყველაზე უსაძაგლესი ხელქვეითი, ბატონი კირიენკო ახლა იმყოფება საქართველოში. ის ჩავიდა. რატომ? რა უმნიშვნელოვანესი საკითხი დადგა, რომელიც მის ჩასვლას მოითხოვდა? ჩემი აზრით, ის ჩავიდა, რათა დაჟინებით მოითხოვოს სააკაშვილის „მოკვდინების“ პოლიტიკის გაგრძელება“, – თქვა პიონტკოვსკიმ.

სანამ პიონტკოვსკი აღნიშნულ ინფორმაციაზე საჯარო ისაუბრებდა, სხვადასხვა რუსულ არხზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში „საიდუმლო ვიზიტით“, პუტინის პირდაპირი დავალებით, სერგეი კირიენკო ჩამოდიოდა.

კირიენკოს ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ არხმა GENERALL SVR-მა გაავრცელა.

„დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია. ერთდღიანი საიდუმლო ვიზიტის დროს იგეგმება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები. კირიენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირად გზავნილ გაახმიანებს“, – წერს ტელეგრამ არხი და ამატებს, რომ ვიზიტიც კი უკვე მიანიშნებს საქართველოსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბებულ სანდომიან ურთიერთობაზე.

საქმე ის არის, რომ კირიენკო 3 დღის წინ ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად რამზან კადიროვს შეხვდა.

„სისულელეა“ – „ოცნების“ პასუხი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სისულელესა და დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ კირიენკო საქართველოშია.

ინფორმაცია, რომ კირიენკო საქართველოში ჩამოდის, ჟურნალისტებთან საუბარში უარყო პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ასეთ სისულელეებზე რა კომენტარი გავაკეთო, არ ვიცი. რა თქმა უნდა, სრული სისულელეა. გეუბნებით, რომ არ ჩამოდის“, – თქვა კობახიძემ.

ამ ინფორმაციას ყალბი კამპანიის ნაწილად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. პაპუაშვილმა გააკრიტიკა კიდეც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, როგორც მან თქვა, დუმილისთვის.

ნეტგაზეთმა კითხვებით ასევე მიმართა ოფიციალურ უწყებებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე 27 დეკემბერს კომენტარი უკვე გააკეთეს პაპუაშვილმა და კობახიძემ.

ამ დრომდე ველოდებით პასუხს  შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

ვინ არის კირიენკო?

სერგეი კირიენკო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა, სოხუმში დაიბადა. კარიერის დასაწყისში ის ამბობდა, რომ მხარს უჭერდა დემოკრატიულ რუსეთს და ხშირად საუბრობდა ისეთ დემოკრატიულ ღირებულებებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებების უზენაესობა, სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობა და სხვა. თუმცა, უკვე შემდგომ, კარიერის დიდი ნაწილი გაატარა რუსეთის ხელისუფლების ქოლგის ქვეშ არსებულ არსებულ კომპანიებში და თავად მთავრობაში.

მედიაში მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც პუტინის „სამართალმემკვიდრედ“.

რაც შეეხება ომს უკრაინაში, აქტიურად მონაწილეობდა კრემლის პროპაგანდაში. მაგალითად, ამბობდა, რომ ომში წასვლა პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინებაა. ასევე ამბობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „გაერთიანებული დასავლეთი იბრძვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი