ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილის თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღებაზეც უარი ეთქვა

26 დეკემბერი, 2022 •
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილის თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღებაზეც უარი ეთქვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული აქვს ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ დაწესებულებაში შესაძლებელია, ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე ჩატარდეს მძიმე მეტალებზე გამოკვლევა.

„მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის თაობაზე საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო. 2 დეკემბერს სააკაშვილისგან აღებული იქნა ბიოლოგიური კვლევის ნიმუშები, რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებითი კვლევის (სისხლი) ნიმუშის წარდგენა მოითხოვა, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა და ადვოკატებმა უარი განაცხადეს.

ადვოკატები განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ თმის და ფრჩხილის ნიმუშებზე. საგამოძიებო ორგანომ ადვოკატების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, კონსულტაციები გაიარა ექსპერტიზის ბიუროსთან, რის შემდეგაც დამატებით მოთხოვნილი თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღების და ექსპერტიზისთვის გადაგზავნის თაობაზე მზადყოფნა გამოითქვა. თუმცა საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე ბატონო სააკაშვილისგან და ადვოკატისგან უარი მიიღო“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, გამოძიების პროცესში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს გაეცნონ და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ჰქონდეთ წვდომა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასაჯაროებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებულს პასუხს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ამ დრომდე მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სამხარეულის ექსპერტიზა ვერ ატარებს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ფრჩხილის და თმის ნიმუშებზე.

„ჩვენ თანახმა ვართ ექსპერტიზაზე, თუმცა ის უნდა ჩატარდეს საზღვარგარეთ და ჩვენი ექსპერტების ჩართულობით“, — განაცხადა ლომიამ.

ცენტრ „ემპათიის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg).

ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდშმიტის თქმით, სააკაშვილს აქვს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია, რაც მძიმე მეტალებით მოწამვლით აიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი