ახალი ამბები

სააკაშვილი რომც მოკვდეს, ივანიშვილი ამასაც სიმულაციად ჩათვლის – ხუხაშვილი

22 დეკემბერი, 2022 • 1130
სააკაშვილი რომც მოკვდეს, ივანიშვილი ამასაც სიმულაციად ჩათვლის – ხუხაშვილი

პოლიტიკის კომენტატორი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მისი აზრით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები ბიძინა ივანიშვილს „ახმოვანებენ“, როდესაც სააკაშვილის „სიმულირებაზე“ საუბრობენ.

„მას [ბიძინა ივანიშვილს] აქვს ასეთი სტერეოტიპული აზროვნება. რომც მოკვდეს სააკაშვილი, ამასაც სიმულაციად ჩათვლის. ამაშია საქმე. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. არა მგონია, ეს ლოგიკური აზროვნების შედეგი იყოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა 22 დეკემბერს ტვ პირველის ეთერში.

ხუხაშვილი ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ივანიშვილი ძალიან მკაცრად რეაგირებს იმ ინფორმაციაზე, რაც მის შეხედულებებს ეწინააღმდეგება“.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის სასჯელის გადავადების საკითხი განიხილება, კლინიკიდან დისტანციურად ჩართეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სააკაშვილის გამოსვლას კვლავ „სიმულაცია“ უწოდეს:

„ბინძურად სიმულირებს. წინა და დღევანდელი კადრები რომ ვნახე, მას შემდეგ კიდევ უფრო გამიმყარდა ეს რწმენა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „საქართველომ არ უნდა დაუშვას 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა არა მხოლოდ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდას ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი