ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი სასამართლოზე ცუდად გახდა

22 დეკემბერი, 2022 • 1186
ადვოკატის თქმით, სააკაშვილი სასამართლოზე ცუდად გახდა

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარ სასამართლოს რამდენიმეკვირიანი მოთხოვნის შემდეგ პირველად ესწრება დისტანციურად, ცუდად გახდა.

„ბატონი მიხეილი გახდა ცუდად, შესაბამისად, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. თუმცა, თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს და [აღადგენს ინტერნეტ კავშირს], შეიძლება გამომჯობინდეს და ჩაერთოს პროცესზე“, – განუცხადა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა, – რომელიც მრავალკვირიანი მოთხოვნების შემდეგ პირველად ჩართეს დისტანციურად საკუთარ სასამართლო სხდომაზე, – სასამართლოს უკრაინულ ენაზე მიმართა, რის შემდეგაც ხმა გამოურთეს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოუწოდა სააკაშვილს, ეჩვენებინა სასამართლოსა და საზოგადოებისათვის, თუ რეალურად რა მდგომარეობაშია, და სთხოვა, წამომდგარიყო, პერანგი გაეხადა და სხეულის დაზიანებები ეჩვენებინა.

მოსამართლემ სააკაშვილს ამის უფლება არ მისცა და განაცხადა, რომ სააკაშვილს შეეძლო, წამომდგარიყო და სიტყვით მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა, თუკი გახდას დაიწყებდა, პირდაპირი ეთერიდან გამორთავდნენ.

ამის შემდეგ სააკაშვილმა სასამართლოს უკრაინულად მიმართა. „ბატონო მიხეილ, ქართულად ბრძანეთ“, – მიმართა მას მოსამართლე გიორგი არევაძემ, თუმცა სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მოქალაქეა.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს მოუწოდა, მოიყვანონ თარჯიმანი, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ სააკაშვილი საუბრობს ქართულად, სასამართლო ქართულ ენაზე მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კვლავ უკრაინულად განაგრძო საუბარი, პირდაპირი ეთერიდან გამორთო.

სასამართლო პროცესი დროებით შეჩერდა.

მოგვიანებით მოსამართლემ განაცხადა, რომ შესვენება გამოცხადდა, რადგან ინტერნეტის ტექნიკური ხარვეზის გამო გაწყდა კავშირი და პენიტენციური სამსახური მუშაობს ხარვეზის აღმოფხვრაზე.

სასამართლო პროცესი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი